გაეროს სამშვიდობო ძალების იტალიელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯარისკაცების მიერ ვანდალურად დაზიანებული იესო ქრისტეს ჯვარცმის ქანდაკება ახლით შეცვალეს, განაცხადა 23 აპრილს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.
იესოს ჯვარცმა სამხრეთ ლიბანში, ისრაელის საზღვართან ახლოს, ქრისტიანულ სოფელ დებელში იდგა.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახულია ისრაელელი ჯარისკაცი, რომელიც ფიგურას თავზე ჩაქუჩს ურტყამს.
ეს ქმედება საერთაშორისოდ დაიგმო.
მელონიმ განცხადებაში მადლობა გადაუხადა გაეროს სამშვიდობო ძალების UNIFIL-ის იტალიურ კონტინგენტს „გადაწყვეტილებისთვის, ლიბანის სოფელ დებელისთვის გადაეცათ ახალი ჯვარცმა“.
მან თქვა, რომ ახალი ქანდაკების დადგმა „იმედის, დიალოგისა და მშვიდობის მძლავრი გზავნილია“.
ისრაელის სამხედრო ძალებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ქანდაკების დაზიანების გამო ორ ჯარისკაცს 30-დღიან სამხედრო პატიმრობას მიუსჯიან და საბრძოლო მოვალეობიდან გაათავისუფლებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „განმარტებების მისაღებად“ დაიბარეს კიდევ ექვსი ჯარისკაცი, რომლებიც „ადგილზე იმყოფებოდნენ და არაფერი მოიმოქმედეს იმისთვის, რომ ინციდენტი შეეჩერებინათ ან მის შესახებ შეეტყობინებინათ“.
ისრაელმა ლიბანის მასშტაბით საჰაერო იერიშები განახორციელა და ქვეყნის სამხრეთში შეიჭრა მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყების საპასუხოდ 2 მარტს ისრაელს დაარტყა.
ლიბანში ისრაელის საომარი მოქმედებების დროს 2400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტ პირს იძულებით გადაადგილება მოუწია, დაღუპულთა რიცხვი კი იზრდება გასულ კვირას ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავადაც, იმის ფონზე, რომ ნანგრევების ქვეშ სულ უფრო მეტ ცხედარს პოულობენ.
ისრაელმა ომში 15 ჯარისკაცი დაკარგა.
ფორუმი