Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებულ თამაზ გოლოევს პატიმრობა შეეფარდა

ფოტო არქივიდან: თამაზ გოლოევი
ფოტო არქივიდან: თამაზ გოლოევი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღეს, 24 აპრილს, სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მას დაკავებულის ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ.

გოლოევმა ამ ეტაპზე არც ადვოკატის მომსახურებით არ ისარგებლა. რაც შეეხება საქმის კიდევ ორ ფიგურანტს, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. მათ უფლებებს ადვოკატი ზვიად ტაბატაძე იცავს, თუმცა იმის გამო, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, დეტალებზე ვერ საუბრობს.

ის არ პასუხობს შეკითხვას, არიან თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფები, სუსის განცხადებაში ნახსენები პირები, გოლოევის მსგავსად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანახმად, ისინიც გადაბურებული იყვნენ "იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას".

უწყების ინფორმაციით, ეს ორი ადამიანი მიმალვაშია და მათთზე ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

სუსის ვერსია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).

სუსის ცნობითვე, ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, მას ევალებოდა ინფორმაციის შეგროვება:

  • სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

სუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით“ არის დაკავებული.

ითქვა ისიც, რომ მას თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადებებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად მოახერხა თუ არა მან რაიმე ინფორმაციის გადაცემა და თუ მოახერხა - რისი, ან რა მტკიცებულებებია საქმეში მის წინააღმდეგ.

დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურება.

რუსეთის აგენტი?

სუსში თავს იკავებენ იმ ქვეყნის დასახელებისგან, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც ადანაშაულებენ საქმის ფიგურანტებს. არ ასახელებენ არც დაკავებულის ვინაობას.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის" ინფორმაციით, სუსის მიერ დაკავებული კაციც და ძებნაში მყოფი ორი ადამიანიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.

უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მომავალ ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძეს, ამ თემაზე კითხვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაუსვეს.

„შეიძლება, ჩემთვის დღეს ძალიან კარგი იყოს ვიღაცეების თვალში, ყურში, მოსასმენად და დასანახად თქმა და გაგონება, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ დღეს - პიარულად შეიძლება კარგად გამოჩნდეს - მაგრამ უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე გაჩერებას და მერე სხვა უხერხულობები შეიძლება შეიქმნას. ჯობია, თავიდანვე არ ვთქვათ ჩვენ ერთი ქვეყანა, და შემდეგ არც მეორე, – თქვა მდინარაძემ და დაამატა, – რაღაცებს ვეღარ წამოგვაძახებენ აწი“.

მდინარაძემ გადაცემის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის შეჩერება სცადა, როდესაც მან თქვა: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს ოპონენტებს აღარ ექნებათ საფუძველი იმის თქმის, რომ ამ ქვეყნის ჯაშუში არასოდეს გამოგივლენიათ... ჩვენი მაყურებელი თავად გააკეთებს დასკვნებს ამის თაობაზე“.

რა იციან სამოქალაქო სექტორში გოლოევზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის სიტყვებით, სამოქალაქო წრეების გარკვეული ნაწილი თამაზს იცნობდა.

"ის ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში და ალბათ, ერთადერთი ახალგორელი ოსი იყო, რომელიც რაღაც კავშირების შენარჩუნებას ცდილობდა ჩვენს საზოგადოებასთან. იმ ფონზე, როცა ვიცი მისი მოწყვლადობა, მისი შესაძლებლობები და ასევე ის ისტორიები, რომელიც მას გადახდა ცხინვალის რეგიონში, სადაც ის სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად განიცდიდა მარგინალიზაციის, დაკავების, ძალადობის შემთხვევებს, ძალიან რთულია დავიჯერო, რომ ის იყო ფიგურა, რომელსაც უხო ქვეყნის ძალები სერიოზულ დავალებებს მისცემდნენ", - უთხრა მიქელაძემ "ტვ პირველს".

ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა წარმოადგინოს რეალური მტკიცებულებები და არა ის, რაც მოვისმინეთ.

"საუბარია ადამიანზე, რომელიც გარკვეული დროის პერიოდებში შეზღუდული დროით გადმოდიოდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. როცა საუბარია ჯაშუშებზე, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, თავისი ათასობით მოქალაქე გამოიყენოს, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს", - ამბობს უჩა ნანუშვილი და აღნიშნავს, რომ სავარაუდო ჯაშუშების გამოვლენის ნაცვლად ხდება "ერთ კონკრეტული ახალგაზრდის განტევების ვაცად გამოყვანა".

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უწყებებს აქამდე ღიად არ განუცხადებიათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავებაზე.
  • „რუსი ჯაშუშების“ დაკავების ყველაზე გახმაურებული ფაქტი 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა. თბილისმა მაშინ ექვსი რუსი ოფიცერი დააკავა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის ელჩის გაწვევა და სატრანსპორტო მიმოსვლის შეჩერება.
  • 2006 წლის 27 სექტემბერს დაკავებული რუსი სამხედროები თბილისმა 2 ოქტომბერს გაათავისუფლა და ეუთოს შუამავლობით მოსკოვს გადასცა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG