უკრაინის დრონებმა დარტყმა განახორციელეს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგზე, დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი - იუწყება სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორი, დენის პასლერი.
მისი თქმით, სამედიცინო დახმარება ითხოვა ექვსმა ადამიანმა, მათ უმეტესობას აღენიშნება მსუბუქი მოწამვლა წვის პროდუქტებისგან. ერთი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. შენობიდან გაიყვანეს 50-მდე მოსახლე, მათი ნაწილი დროებითი დასახლების პუნქტებში იმყოფება.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, საქმე ეხება ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს "ტრინიტის". ადგილობრივი ხალხი იუწყება, რომ შენობას ზიანი ძირითადად მაღალ სართულებზე მიადგა. აფეთქების ხმა პირველად გაისმა ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე.
როგორც ადგილობრივი გამოცემა E1 წერს, ქალაქის მცხოვრებთა დიდ ნაწილს შეტევიდან მალე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია საფრთხის შესახებ. შეტყობინებები მხოლოდ გარკვეულმა ოპერატორებმა გაგზავნეს და მნიშვნელოვნად გვიან.
ეს უპილოტო საფრენი აპარატების პირველი თავდასხმაა სვერდლოვსკის ოლქზე. უკრაინის საზღვრიდან ქალაქი დაახლოებით ორი ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
დრონებით თავდასხმა იყო ჩელიაბინსკის ოლქზეც, როგორც იუწყებიან მეტალურგიული კომბინატის სიახლოვეს. დაზარალებულებზე ცნობები არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს ქვეყნის რეგიონებისა და ანექსირებული ყირიმის თავზე უკრაინის 127 დრონი გადაიტაცეს და გაანადგურეს.
ფორუმი