ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება ჰეზბოლამ (აშშ-ში ტერორისტულად შერაცხილი), რომელიც თეირანის მოკავშირეა და ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ჩაერთო ომში, უარყო ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ბრალდება, რომ ის ცეცხლის შეწყვეტას საფრთხეს უქმნის და განცხადებაში აღნიშნა, რომ სამხრეთ ლიბანსა და ჩრდილოეთ ისრაელში ისრაელის სამიზნეებზე მისი თავდასხმები „ლეგიტიმური პასუხი იყო მტრის მიერ დროებითი ზავის გამოცხადების პირველივე დღიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუდმივ დარღვევებზე“.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი 27 აპრილს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ISNA. ეს ცნობა დაადასტურა რუსეთმაც, წერს ადგილობრივი მედია.
აბას არაყჩი ომანში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა, გაავრცელა ცნობა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ.
არაყჩიმ ისლამაბადი ერთი დღით ადრე დატოვა, რამაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიძულა, გაეუქმებინა საკუთარი წარმომადგენლების პაკისტანში დაგეგმილი ვიზიტი.
ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს ვაშინგტონში მედიასთან ვახშამზე სროლის გამო ირანის მიმართ ყურადღებას არ მოადუნებს და რომ სროლას ირანის თემასთან არ უნდა ჰქონდეს საერთო.
„ეს ირანში ომის მოგებაში ხელს არ შემიშლის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი, ნამდვილად არ მგონია, იმის საფუძველზე, რაც ჩვენ ვიცით“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ინციდენტის შემდეგ.
ლიბანის ოფიციალურმა მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა 26 აპრილს ქვეყნის სამხრეთზე დარტყმები დაიწყეს შვიდი სოფლის ევაკუაციის გაფრთხილების შემდეგ, ჰეზბოლასთან ზავის შესახებ შეთანხმების მიუხედავად.
ირანმა სიკვდილით დასაჯა კაცი, რომელიც მსჯავრდადებული იყო სუნიტური მებრძოლი დაჯგუფების „ჯაიშ ალ-ადლის“ წევრობისა და სამხრეთ-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებში მონაწილეობისთვის, განაცხადა სასამართლომ. შაბათს გამოცხადდა კიდევ ერთი კაცის სიკვდილით დასჯა, რომელსაც ბრალი ედებოდა ისრაელისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაში.
ფორუმი