დრონებით შეტევა ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყო. მანამდე ოდესაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ოდესის საქალაქო-სამხედრო და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ქალაქის რამდენიმე რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სასტუმროს შენობა და საწყობები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონი, სადაც დაზიანებულია 13 სახლი და სასტუმრო. სახლები დაზიანდა ოდესის ხაჯიბეის და კიევის რაიონებშიც.
განახლება: 27 აპრილს დილით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მორიგი დარტყმა იყო ოდესის პორტზე, სადაც დაზიანებულია სატვირთო ტერმინალი, გაჩნდა ხანძრები. ადმინისტრაციის ცნობითვე, შეტევა იყო ნაურუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე, რომლის ბორტზეც ხანძარი ეკიპაჟმა ჩააქრო.
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაცია ოდესაში სატვირთო გემებზე დარტყმების შესახებ იუწყებოდა წინა დღეებშიც.
- რუსეთის ჯარები ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. სამიზნეებს შორისაა საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები. მხოლოდ აპრილის დასაწყისიდან დაღუპულია ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია სახლები და საწარმოები. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა დაახლოებით 4500 აბონენტი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 94 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 74 დრონის მოგერიება და 20-ით პირდაპირი დარტყმა 15 ადგილზე.
ფორუმი