Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში აქციაზე ამომრჩევლის ფულის სანაცვლოდ მიყვანის ბრალდებით კარაპეტიანის პარტიის 4 წევრი დააკავეს

ფოტოზე: ნარეკ და სამველ კარაპეტიანები, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერები
ფოტოზე: ნარეკ და სამველ კარაპეტიანები, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერები

სომხეთში შინაპატიმრობაში მყოფი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ კიდევ ოთხი წევრი დააკავეს.

გასულ კვირაში დააკავეს პარტიის 14 წევრი, - ადმინისტრაციული წესით. ამჯერად კი ოთხ ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავებიან.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მათ ბრალად ედებათ სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისკენ „პირთა ჯგუფის“ წაქეზება ქრთამის სანაცვლოდ.

საქმე 11 აპრილს გამართულ აქციას უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები აქციის მონაწილეებს დაჰპირდნენ თანხის, 10 000 სომხური დრამის (დაახლოებით 72 ლარის) გადაცემას.

კომიტეტის თანახმად, მათ შირაკის პროვინციის ერთ-ერთი დასახლებიდან ერევანში აქციაზე ადამიანთა ჯგუფის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს და „მიტინგში მონაწილეობისთვის წინასწარ დაპირებული 10 000 დრამი გადასცეს“.

თავდაპირველად დაკავების შემდეგ, 27 აპრილს, ოთხიდან ერთს შეუფარდეს შინაპატიმრობა, ორს - ადმინისტრაციული მეთვალყურეობა, ხოლო ერთს - არასრულწლოვანს - „საგანმანათლებლო ზედამხედველობა“ შეუფარდეს. ოთხივეს აუკრძალეს ქვეყნის დატოვება.

პარტია „ძლიერი სომხეთი“ ახალ ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა გასულ კვირაში მან ფაშინიანის გუნდს „პოლიტიკურ რეპრესიებში“ დასდო ბრალი.

  • „ძლიერი სომხეთი“ არის პრორუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ინიციატივით.
  • კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, რამდენიმე თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, 2026 წლის იანვრიდან კი შინაპატიმრობაშია.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროკავშირმა სომხეთში გაგზავნა „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი“, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.

გასულ კვირას ევროკავშირმა დაამტკიცა მეორე, უფრო ხანგრძლივი, 2-წლიანი სამოქალაქო მისია, მსგავსი მიზნით.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG