Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ე.წ. აფრიკულმა კორპუსმა აღიარა, რომ მალიში დატოვა ქალაქი კიდალი

მალის არმიის ჯარისკაცები დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად. 2026 წლის 26 აპრილი
მალის არმიის ჯარისკაცები დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად. 2026 წლის 26 აპრილი

რუსეთის შეიარაღებული ძალების „აფრიკულმა კორპუსმა“ აღიარა, რომ მალიში ანტისამთავრობო ძალების შეიარაღებული ჯგუფების შეტევის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი კიდალი.

„აფრიკული კორპუსის“ ტელეგრამ-არხზე 27 აპრილს გამოქვეყნებული განცხადებით, კიდალი მალის არმიის სამხედროებთან ერთად დატოვეს და „პირველ ყოვლისა ევაკუირებული იყვნენ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მძიმე ტექნიკა“. დაჭრილების რიცხვი დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის „აფრიკული კორპუსი“ ირწმუნება, რომ მალიში რთული ვითარების მიუხედავად, „პირადი შემადგენლობა საბრძოლო ამოცანის შესრულებას განაგრძობს“.

მანამდე რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ ძალებმა შეიარაღებულ ანტისამთავრობო დაჯგუფებებთან მოლაპარაკებების შედეგად დატოვეს მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი, ქალაქი კიდალი.

მალიში მოქმედმა ანტისამთავრობო შეიარაღებულმა რაზმებმა 25 აპრილს შეტევა მიიტანეს დედაქალაქ ბამაკოსა და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებზე.

26 აპრილს მალის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაღუპულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. გამოცემების, Jeune Afrique და Le Figaro-ს ცნობით, მინისტრი კატის სამხედრო ბაზაზე 25 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

მალიში ჩამოაგდეს რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ ვერტმფრენიც.

ამ კორპუსმა 26 აპრილს გამოაცხადა, რომ „დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა" სცადეს „სახელმწიფო გადატრიალება", რომელიც მალის არმიასთან ერთად აღკვეთეს და „ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია შეინარჩუნეს“.

„აფრიკული კორპუსი“ ასეულობით ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებაც იუწყებოდა.

  • მალიში ათ წელზე მეტია მოქმედებენ არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებულ „ალ-ყაიდასა” და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის მქონე შეიარაღებული დაჯგუფებები და ტუარეგი სეპარატისტები.

2020-2021 წლების გადატრიალების შედეგად მალის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სამხედროები ასიმი გოიტას ხელმძღვანელობით. ისინი მოსახლეობას სიტუაციის სტაბილიზაციას ჰპირდებოდნენ და იმედს ამყარებდნენ რუს დაქირავებულ მებრძოლებზე.

მალიში მოქმედებდა რუსეთში შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“. მოგვიანებით რუსეთმა იქ „აფრიკული კორპუსი“ განათავსა.







ფორუმი

XS
SM
MD
LG