Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის პრეზიდენტი ჰეზბოლას: ქვეყნის ომში ჩათრევა „ღალატია“. ისრაელმა სამხრეთ ლიბანს დაარტყა

ისრაელის სამხედრო ძალებმა 27 აპრილს განაცხადეს, რომ ლიბანის ბექაას რეგიონში ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყეს. ამ თვის დასაწყისში ამ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, რის დარღვევაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბექაას ხეობასა და სამხრეთ ლიბანის სხვა ტერიტორიებზე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები დაიწყეს“, - ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა.

ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰეზბოლასთან (აშშ-ში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) კონფლიქტის დასრულებისკენ იყო მიმართული, ხოლო ლიბანის ომში ჩათრევის მსურველები „ღალატში“ დაადანაშაულა, რითაც ირიბად გააკრიტიკა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.

„ჩემი მიზანია, ისრაელთან საომარი მდგომარეობის დასრულება, [1949 წლის] ზავის შეთანხმების მსგავსად“, - განაცხადა აუნმა და დასძინა: „გარწმუნებთ, რომ არ დავთანხმდები დამამცირებელი შეთანხმების მიღწევას“.

„ისინი, ვინც ლიბანში ომში ჩაგვითრიეს, ახლა პასუხს გვაგებინებენ, რადგან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოლაპარაკებებზე წავსულიყავით... ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ღალატი არ არის. ღალატს უფრო ისინი სჩადიან, ვისაც საკუთარი ქვეყანა ომში მიჰყავს უცხო ინტერესების მისაღწევად“, - თქვა მან.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა თეთრ სახლში აშშ-ის წარმომადგენლების, ასევე ისრაელსა და ლიბანში აშშ-ის ელჩების და აშშ-ში ისრაელის და ლიბანის ელჩების შეხვედრა.

ისრაელმა ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, 2026 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყო. ჰეზბოლა ირანის მოკავშირეა, რომელმაც ირანთა ომის დაწყების საპასუხოდ იერიშები მიიტანა ისრაელის ობიექტებზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG