უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 27 აპრილს ღამით სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი აქვს, რაც არ უნდა დააზიანოს „მოპარული უკრაინული ხორბლით რუსეთის უკანონო ვაჭრობამ“.
- ერთი დღით ადრე უკრაინული ცენტრის, „მიროტვორეცის“ საგამოძიებო პროექტის ჟურნალისტმა კატერინა იარესკომ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფას უახლოვდება გემი PANORMITIS-ი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაღებული 56 ტონა ხორბლით და 73 ტონა ქერითაა დატვირთული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას თანახმად, „მოპარული საქონლის“ ხაიფაში ჩატანის შემთხვევა ადრეც იყო და რთულია იმის გაგება, რატომ არ იყო ისრაელის მხრიდან ადეკვატური რეაქცია უკრაინის კანონიერ მიმართვაზე და ახლა, როცა ხაიფაში კიდევ ერთი ასეთი გემი ჩავიდა, ისრაელს კვლავ აფრთხილებენ, რომ მოპარული ხორბალი არ უნდა მიიღოს და ეს ქვეყნების ურთიერთობებს დააზიანებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ისრაელის ელჩი 28 აპრილს უნდა მივიდეს სამინისტროში, სადაც საპროტესტო ნოტას გადასცემენ და ზომების მიღებას მოითხოვენ.
ანდრი სიბიჰას სოციალური ქსელებითვე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა. მან X-ში(ყოფილი Twitter) თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მეგობარი ქვეყნები დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აწარმოებენ Twitter-ით ან მასმედიით, ხოლო „ბრალდება მტკიცებულება არ არის".
საარის თანახმად, ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას მიმართა, რომ სამართლებრივი დახმარებაც კი არ უთხოვიათ, სანამ მასმედიას და სოციალურ ქსელებს გამოიყენებდნენ.
საარის განცხადებით, საკითხი განხილული იქნება, ისრაელი ის სახელმწიფოა, სადაც კანონის უზენაესობის პრინციპს იცავენ და დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და ისრაელის ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
- უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპირების შემდეგ, უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ ტერიტორიებიდან წაღებული ხორბლითა და სხვა პროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობაში.
ფორუმი