Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქობის კანდიდატები არიან შიო მუჯირი, იობ აქიაშვილი და გრიგოლ ბერბიჭაშვილი

სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია.
სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია.

სამშაბათს, 2026 წლის 28 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე პატრიარქობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელეს და მათგან სამი კანდიდატი გამოარჩიეს. ესენი არიან:

  • 20 ხმით - საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე შიო მუჯირი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი;
  • 7 ხმით - გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი;
  • 7 ხმით - იობ აქიაშვილი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი.

სხდომას 38 მაღალიერარქი ესწრებოდა.

დარჩენილი ოთხი ხმა სხვა კანდიდატებს შორის გადანაწილდა, ორმა მღვდელმთავარმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

მიღებულ ხმებზე ინფორმაცია სინოდის სხდომის შემდეგ, 17:00 საათისთვის, გაავრცელა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა).

მანამდე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიტროპოლიტმა იობმა და გრიგოლმა 7-7 ხმა მიიღეს.

პატრიარქის საბოლოო არჩევნები ჯერ კიდევ წინაა - პატრიარქი დასახელებული სამიდან ერთ-ერთი გახდება.

საბოლოო კენჭისყრის თარიღი მალე გამოცხადდება.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმითვე, წესით, ეს 17 მაისამდე უნდა მოხდეს, თუმცა მისივე თანახმად, თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს, რადგან „ბევრი საორგანიზაციო საკითხია“.

კენჭი იყარა 6-მა მღვდელმთავარმა

როგორც მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს:

  • წინასწარი ვარაუდით, 10-12 ადამიანი განიხილებოდა კანდიდატებს შორის;
  • „ბოლოს დარჩა 6 ადამიანი“, - დანარჩენებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე.

ექვს კანდიდატს შორის, დარჩენილი სამის გარდა, იყვნენ:

  • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია (2 ხმა);
  • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე (0 ხმა);
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე (1 ხმა).

დანიელისა და ისაიას საკითხი

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ეპისკოპოსებს, დანიელ დათუაშვილსა და ისაია ჭანტურიას.

მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მათთან დაკავშირებით „თვითონ პიროვნებებზე არ ყოფილა ლაპარაკი“, თუმცა განიხილეს ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხები.

  • ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის და ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება;
  • მიტროპოლიტ ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, ხოლო მიტროპოლიტი დანიელი უკვე არის 70 წლის.

„იყო კამათი და მსჯელობა და კრებაზე დადგა ეს საკითხი, ხოლო კრებამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი არ განხილულიყო“, - განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG