Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 წლის ბავშვი

ღაზის სექტორი (ხან-იუნისი). 17 ოქტომბერი, 2025 წელი (არქივი)
ღაზის სექტორი (ხან-იუნისი). 17 ოქტომბერი, 2025 წელი (არქივი)

ღაზის სექტორში 28 აპრილს ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 9 წლის ბიჭი, იტყობინებიან ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები.

Reuters-ი იმოწმებს მედიკოსებს, რომლების თქმით, ისრაელის დრონმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისის აღმოსავლეთ მხარეს, ბავშვი მოკლა, ხოლო ქალაქ ღაზაში ავტობუსზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ისრაელის სამხედროებმა არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.

ნათესავების თქმით, ბიჭი აგროვებდა მუყაოს, რომელსაც ოჯახი საჭმლის მოსამზადებლად იყენებს. ღაზაში 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ, ელექტროენერგია არ არის და პალესტინელები უჩივიან საკვების დასამზადებლად საჭირო გაზის შეტანაზე ისრაელის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

ძალადობა ღაზაში გრძელდება 2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად.

ადგილობრივი მედიკოსების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან, სულ ცოტა, 800 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელის თქმით კი, იმავე პერიოდში თავდასხმებს მისი ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ისრაელი და ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG