Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოუშვებენ ლიმიტირებული რაოდენობის პასპორტებს ტრამპის გამოსახულებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად სახელმწიფო დეპარტამენტი გამოუშვებს პასპორტების შეზღუდულ რაოდენობას. ამ პასპორტების შიდა მხარეს პრეზიდენტ ტრამპის გამოსახულებაც იქნება.

2026 წლის ივლისში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით რომ „სპეციალური დიზაინის“ პასპორტების ლიმიტირებული რაოდენობა მზადდება, ეს სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტომი პიგოტმა.

სპიკერის ტექსტს თან ახლავს ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაცია, რომ შეზღუდული რაოდენობის ახალი დიზაინის პასპორტების შიდა მხარეს, ერთ გვერდზე იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულება აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ფონზე და ტრამპის „ოქროს ხელმოწერა“, კიდევ ერთ გვერდზე კი დამფუძნებელი მამების მიერ დეკლარაციის ხელმოწერის გამოსახულება.

შეზღუდული რაოდენობის ახალი დიზაინის პასპორტებში რომ ტრამპის გამოსახულებაც იქნება, ამის შესახებ წერენ სააგენტო Reuters-ი და გამოცემა Politico-ც.

მანამდე, 2026 წლის მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა ექნება 100-დოლარიან კუპიურებს, რომლებსაც დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად ივნისიდან გამოუშვებენ. ტრამპი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომლის ხელმოწერაც ეროვნულ ვალუტაზე იქნება. დღემდე გამოშვებულ კუპიურებზე აშშ-ის ხაზინადართა ხელმოწერებია.

დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში გამოუშვებენ ოქროს საიუბილეო მონეტებსაც დონალდ ტრამპის გამოსახულებით და წარწერით „თავისუფლება".

2025 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი დაარქვა „მშვიდობის ინსტიტუტს“.

ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯონ კენედის სახელობის კულტურის ცენტრი, რომელიც 1970-იანი წლებიდან კენედი-ცენტრის სახელით იყო ცნობილი, 2025 წლის დეკემბრიდან კენედი-ტრამპის სახელობის გახდა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG