Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ახალი, „ტრამპის კლასის“ საბრძოლო გემები ექნება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს ფლორიდის რეზიდენციაში გამართა ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს ფლორიდის რეზიდენციაში გამართა ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია

აშშ ააშენებს ახალი კლასის თანამედროვე საბრძოლო გემებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სახელობის, „ტრამპის კლასის” გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია 22 დეკემბერს გამართა ფლორიდაში, რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაამტკიცა გეგმა „ოქროს ფლოტი”, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2,5 წელიწადში უნდა აშენდეს ახალი კლასის ორი გემი. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი ჯერ 10-მდე, შემდეგ კი 25-მდე უნდა გაიზარდოს.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, გემები აღჭურვილი იქნება მოწინავე იარაღით, მათ შორის ზებგერითი და ფრთოსანი რაკეტებით და უახლესი ლაზერული სისტემებით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ექნებათ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი, უსწრაფესი და უძლიერესი გემები, რომლებიც ამერიკული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები გახდებიან და აშშ-ის სამხედრო უპირატესობას გააძლიერებენ.

ტრამპმა, რომელსაც ადრე არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ამერიკული სამხედრო გემების იერსახის გამო, განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტი ახალი გემების პროექტირებას მასთან ერთად უხელმძღვანელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირები და სამხედრო ანალიტიკოსები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ გემთმშენებლობის სფეროში აშშ ჩამორჩება ზღვაზე მთავარ პოტენციურ მეტოქეს, ჩინეთს. წელს მსოფლიო დაკვეთების 60%-ზე მეტი ჩინეთზე მოდიოდა, ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი მსოფლიოში უმსხვილესია.

ამერიკული მედიის ცნობით, ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში 294 მოქმედი გემია, მაშინ, როცა პენტაგონის მონაცემებით, ჩინეთის სამხედრო ფლოტს 370 გემი აქვს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფლორიდის რეზიდენციაში 22 დეკემბერს გამართულ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი, სამხედო-საზღვაო ძალების მინისტრი ჯონ ფელანი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG