ათობით დამოუკიდებელი ექსკურსიამძღოლისთვის ეს ნიშნავს, რომ პროფესიას უნდა ჩამოშორდნენ. ადგილობრივი გიდები წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ არათანაბარ კონკურენციაზე, უცხოელი ექსკურსიამძღოლების ნაწილის არალეგალურ საქმიანობაზე და იმაზე, რომ ტურისტული ფული ხშირად ქვეყნიდან გადის და ქართულ ეკონომიკაში არ რჩება. თუმცა მთავარ კითხვას პასუხი ჯერაც არ აქვს: ვინ და როგორ გააკონტროლებს ახალი კანონის შესრულებას.
ბოლო კანონიერი ტური
„აბა, ბოლო კანონიერი ტურია?“ - ღიმილით ეკითხება ტურისტი ჯინსის ქურთუკიან ბიჭს ავლაბრის მეტროსთან.
დანიაც იღიმის. უკვე თითქმის ოთხი წელია, რაც თბილისში გიდად მუშაობს და დღეს თავის ბოლო ჯგუფურ ექსკურსიას ატარებს.
1 მაისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის უფლება, ვეღარ იმუშავებენ გიდებად. ეს უკავშირდება შრომითი საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს: საქართველოს მთავრობა ყოველწლიურ კვოტებს აწესებს იმ პროფესიებზე, რომლებიც მაღალ კვალიფიკაციას არ მოითხოვს.
ზოგ სფეროს - საკურიერო მომსახურება, მგზავრების გადაყვანა და გიდის სერვისი - ნული კვოტა ერგო.
ზოგისთვის ეს უბრალოდ მორიგი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაა. დანისთვის კი - პროფესიული საქმიანობის დასასრული. მას არც მოქალაქეობა აქვს, არც მუდმივი ბინადრობის უფლება, ანუ საყვარელ საქმეს ვერ გააგრძელებს.
„ინდმეწარმედ ვარ დარეგისტრირებული. ალბათ მალე გადასახადებს აღარ გადავიხდი - ნულები ჩაიწერება, რადგან ექსკურსიებს აღარ ჩავატარებ,“ - ამბობს ის.
საქართველოში დანია 2022 წელს ჩამოვიდა, სექტემბრის მობილიზაციის შემდეგ. მანამდე პეტერბურგში მუშაობდა გიდად, თუმცა, მისი თქმით, პროფესიონალად თბილისში ჩამოყალიბდა.
ცვლილებებს პროფესიულ ჩათებში უკვე დიდი ხანია განიხილავდნენ. ყველას ესმოდა, რომ რაღაც მზადდებოდა, მაგრამ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას მაინც არავინ ელოდა.
„ვხვდებოდით, რომ რაღაც მზადდებოდა. მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ მოგვიწევდა რაღაცის ჩაბარება, კვალიფიკაციის დადასტურება, რაიმე სერტიფიკაციის გავლა. მაგრამ ის, რომ უბრალოდ შეუძლებელია ნებართვის მიღება მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის გარეშე - ეს უკვე სხვა რამეა. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ხვალვე წახვალ და გააკეთებ. წლები სჭირდება. ანუ ეს, უბრალოდ, ზღუდავს შენს საქმიანობას,“ - ამბობს ის.
დანიისთვის გიდად მუშაობა მხოლოდ შემოსავალი არ არის. ეს მისი ძირითადი პროფესია და აწყობილი ცხოვრებაა. მალე მეუღლესთან ერთად ამ ცხოვრებას ის ჩემოდნებში „ჩაალაგებს“ და ქვეყანას დატოვებს.
„ცხადია, უნდა წავიდე. მესმის, რომ არ მაქვს დიდი ფინანსური ბალიში, რომელიც ყველა საჭიროებას დაფარავს. შესაძლოა, ცოტა ქამრის შემოჭერა მომიწიოს. მაგრამ ერთი კარი იკეტება, მეორე იხსნება. ამას ფილოსოფიურად ვუყურებ.“
ბოლო ექსკურსიისთვის დანიამ აირჩია მარშრუტი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაზე - სამეფოთა დასასრულზე, რუსეთის იმპერიალიზმზე, საბჭოთა ოკუპაციასა და ქვეყნის რთულ ისტორიულ მეხსიერებაზე. ეს არ არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ტური, მაგრამ მისთვის, როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.
„მარშრუტი „მეფეთა დაისი“ მინდოდა კულმინაციური ყოფილიყო. იმიტომ, რომ ძალიან ახლოა ჩემთან. რუსი ვარ და ჩემთვის რუსეთის იმპერიალიზმსა და საბჭოთა ოკუპაციაზე საუბარი ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი თემაა. ჩემთან სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიან ადამიანები: ბელარუსები, უკრაინელები, ყაზახები, რუსები. ბევრმა პოსტსაბჭოთა სკოლაში ისწავლა, სადაც ეს ყველაფერი სულ სხვა კუთხით იყო მიწოდებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია მთავარი იდეის გადაცემა: რატომ აღიქმება აქ ეს ოკუპაციად, რატომ არ არის ეს „აგრესიული ნაციონალიზმი“, არამედ ექსპანსიის კონკრეტული ისტორიული ფაქტები.“
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ექსკურსიამძღოლების სფეროში ყოველთვის ისმოდა, ასეთია: შეუძლია თუ არა უცხოელმა სხვა ქვეყნის ისტორიას კარგად გადმოსცეს? ბევრი ადგილობრივი გიდი ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელსაც ქართული რეალობით არ უცხოვრია, ვერ შეძლებს ის ბოლომდე შეიგრძნოს. დანია ამას ნაწილობრივ ეთანხმება.
„მე ვერ მოვყვები, როგორც თვითმხილველი, რა ხდებოდა აქ მიხეილ სააკაშვილის დროს, რა ხდებოდა 90-იან წლებში, როგორი კრიზისი იყო და როგორ გადარჩნენ ადამიანები. ამას ვსწავლობ ტექსტებიდან, ადამიანებთან საუბრისგან, როგორც თბილისში მცხოვრები.“
თუმცა ამბობს, რომ ისტორიული ექსკურსია მხოლოდ პირადი მეხსიერება არ არის - ეს არის მუშაობის საათები და წლები.
„ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირზე ვყვებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ გვიცხოვრია. ვიკვლევთ, ვეძებთ ფოტოებს, რუკებს, სკეპტიკურად ვეკიდებით მატიანეებს, ვამოწმებთ წყაროებს. ამ მხრივ, ზოგჯერ ჩამოსულსაც კი აქვს უპირატესობა - ამ ყველაფერს ემპირიული გამოცდილების გარეშე უდგები,“ - ამბობს დანია.
არამასობრივი ტურიზმი
ალექსეი (სახელი შეცვლილია) - განათლებით ინჟინერია, პროფესიით კი ექსკურსიამძღოლი. საქართველოში 2022 წლის ბოლოს აღმოჩნდა. მანამდე მოსკოვში ატარებდა ექსკურსიებს - უფრო შაბათ-კვირას, ძირითადი სამუშაოს პარალელურად. აქ კი ექსკურსიები მისი მთავარი საქმიანობა გახდა: დღეს შემოსავლის 95%-ზე მეტი სწორედ ამ სფეროდან აქვს.
ის ატარებს როგორც ქალაქურ ტურებს თბილისში, ისე მრავალდღიან მოგზაურობებს მთელ საქართველოში. მისი სპეციალიზაციაა ურბანიზმი, მოდერნიზმი, საინჟინრო ისტორია, არქიტექტურა და „არაშაბლონური“ საქართველო.
„ცხადია, საქართველოს სტუმრების უმეტესობას ყველაზე ცნობილი ადგილების ნახვა სურს. მაგრამ არსებობს სხვა ხედვაც. მე განათლებით მშენებლობის ინჟინერი ვარ და მაქვს ჩემი სპეციფიკური ისტორიები, რომლებიც უკავშირდება ურბანიზმს, მოდერნიზმს, ინჟინერიას. შესაძლებელია რაღაც ისეთიც შევთავაზოთ, რაც შაბლონების მიღმა,“ - ამბობს ის.
მისი თქმით, სწორედ ეს ნიშა დაიკავეს იმ რუსულენოვანმა გიდებმა, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში ჩამოვიდნენ. მათ ისეთი მარშრუტები შექმნეს, რომლებიც ბაზარზე ან ძალიან ნაკლებად იყო, ან საერთოდ არ არსებობდა.
„ბაზარზე ასეთი შეთავაზებები არ იყო, რადგან ნაკლებად საინტერესოა, და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ეს არ იციან. ბუნებრივია, უფრო მოგებიანია დიდი ჯგუფები მთავარ ღირსშესანიშნაობებზე ატარო, რელიგიაზე ილაპარაკო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩამოსულ აუდიტორიას აქვს. ასეთი უნიკალური პროდუქტების შექმნა ახლა შეუძლებელი გახდება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან გადაიხადონ ასეთი უნიკალური "კონტენტისთვის", რადგან ბაზარზე მსგავსი არ არსებობს.“
ახალი წესების გამოცხადების შემდეგ გიდების ნაწილმა გადაწყვიტა მოვლენებს დააკვირდეს. ალექსეიმ სხვა გზა აირჩია. ის ერთი იმათგანი გახდა, ვინც კვოტების გადახედვას ცდილობს. კოლეგებთან ერთად იურისტები იპოვა და სამინისტროებში ოფიციალური მიმართვების წერა დაიწყო. სურთ დაამტკიცონ, რომ მათი საქმიანობის უნიკალურია და შეზღუდვები მთელი სექტორისთვის უნდა გადაიხედოს.
„მე და ზოგიერთ ჩემს კოლეგას არ გვინდოდა ყველაფერი ასე დაგვეტოვებინა. ნაწილი ამბობდა - სჯობს გადავაგოროთ, დაველოდოთ. მაგრამ მე ვიფიქრე, რომ მკვდარი უკვე ვეღარ მოკვდება, და ამ კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ძალა გავხდი.“
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეკონომიკაა. ალექსეის თქმით, მრავალდღიანი ტურები ქმნის მთელ ფინანსურ ჯაჭვს ადგილობრივი ბიზნესისთვის.
„ნებისმიერი ექსკურსია ეხება უამრავ ადგილობრივ ქართულ ბიზნესს: რესტორნებს, მძღოლებს, სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს. ჩვენ საქართველოში ხალხი რუსული სამზარეულოს საჭმელად არ დაგვყავს - ეს აბსურდია. ადგილობრივ რესტორნებში ვატარებთ, ვმუშაობთ ადგილობრივებთან. ამით საქართველოს მოქალაქეები შოულობენ ფულს.“
ალექსეის აქვს რამდენიმე სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციის შეცვლა ვერ მოხერხდება. ყველაზე ბოლო - რუსეთში დაბრუნებაა.
„რაც ძალიან არ მინდა,“ - ამბობს ის.
ბაზრის დაცვა თუ კონკურენტების გაძევება
საქართველოს ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვის აუცილებლობით ხსნის. მათი ლოგიკით, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რომელ სფეროებში შეუძლიათ უცხოელებს მუშაობა და რომელში - არა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბაზარზე კონკურენცია შემცირდეს.
2022 წლის შემდეგ საქართველოში უცხოელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც ტურიზმის სფეროში დასაქმდა. ბევრი ემიგრანტისთვის ექსკურსიების ჩატარება ერთ-ერთ ის პროფესია გახდა, რომელიც შეიძლება მარტივად აითვისო. ადგილობრივი გიდების ნაწილისთვის ეს ნიშნავდა კონკურენციის ზრდას - განსაკუთრებით რუსულენოვან სეგმენტში.
ტურისტული კომპანიის AG TRAVEL & ADVENTURE დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ უცხოელი გიდების საკითხი ჯერ კიდევ 2016 წლიდან განიხილებოდა, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ რუსეთ-უკრაინის ომი დაწყების შემდეგ დადგა. მისი თქმით, საქმე მხოლოდ კონკურენციაში არ არის - საკითხი თავად ტურისტული ეკონომიკის მოწყობასაც ეხება.
„საქართველოში დახარჯული ფული საქართველოში უნდა დარჩეს - ეს არის ტურიზმის არსი. მაგალითად, ჩინელმა ტურისტმა დახარჯა ათასი დოლარი: ჩინური კომპანია, ჩინელი გიდი, ჩინური სასტუმრო - და ამ თანხის 40% ისევ უკან ბრუნდება. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ცუდია, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო უბრალოდ ტრანზიტი ხდება და რეალურ სარგებელს ვერ იღებს.“
მისი თქმით, საუბარი არასოდეს ყოფილა უცხოელების სრულ აკრძალვაზე. მთავარი მოთხოვნა მკაფიო წესებისა და კონტროლის შემოღება იყო, რადგან სფერო დიდი ხნის განმავლობაში არ რეგულირდებოდა.
ადგილობრივი გიდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი უსაფრთხოებაა.
„თუ გიდმა ენა არ იცის და რამე მოხდა, მაგალითად, სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო, რას გააკეთებს? ტურის დროს ბევრი რამ ადგილზე უნდა გადაწყვიტო. თუ ცუდად იცნობ ქვეყანას, არ გესმის, როგორ მუშაობს აქ ყველაფერი და ენა არ იცი, ეს უკვე რისკია.“
ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მთის ტურიზმში. თუმცა ამ სფეროსთვის გამონაკლისი გაკეთდა: შეზღუდვები არ ვრცელდება მთის, სათხილამურო და ალპურ გიდებზე. მათთვის განსაზღვრულია ცალკე კვოტა - წელიწადში 200 ადამიანი. თუ უცხოელი სპეციალისტი სამუშაო ნებართვას მიიღებს, ის ოფიციალურად გააგრძელებს საქმიანობას.
„მე თავად მთის გიდი ვარ. ჩვენთან ლიცენზირებული სპეციალისტები ცოტაა, ამიტომ ამ სფეროში კვოტები ნორმალურია. ალპინისტებს არსად ზღუდავენ. მაგრამ რაც შეეხება კულტურის სფეროს გიდებს - ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი ან თურქეთი, მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია ნორმად ითვლება.“
კიდევ ერთი პრეტენზია გადასახადებს ეხება. ადგილობრივი გიდების თქმით, პრობლემა იმდენად თავად უცხოელ ექსკურსიამძღოლები არ არის, რამდენადაც ის, რომ მათი ნაწილი არაოფიციალურად მუშაობს.
„კონკურენცია სამართლიანი უნდა იყოს. მე ვიხდი გადასახადებს, ვიღაც კი უბრალოდ Instagram-ით პოულობს ტურისტებს და არაფერს იხდის. ზოგი ინდივიდუალურ მეწარმედ არის დარეგისტრირებული, მაგრამ ბევრი ნაღდი ფულით მუშაობს, რაც ქვეყნისთვის არ არის მოგებიანი. შედეგად თავიდანვე განსხვავებული პირობები და ფასები გვაქვს.“
ამასთან, გიორგიძე არ ფიქრობს, რომ ახალი კანონი უცხოელებს მთლიანად გააძევებს ამ პროფესიიდან. მისი აზრით, ვისაც რეალურად სურს დარჩენა, შეძლებს დოკუმენტების მოწესრიგებას და მუშაობის გაგრძელებას.
„ვფიქრობ, ეს უფრო შემთხვევით ადამიანებს გაფილტრავს. იმ უცხოელებს, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოში ცხოვრება და მუშაობა, ექნებათ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ საქმიანობა და გადაიხადონ გადასახადები. და ამაში ცუდი არაფერია,“ - ამბობს ის.
თუმცა რეგულაციის იდეის მხარდამჭერებიც კი აღიარებენ, რომ პრაქტიკაში კანონი შესაძლოა ბევრად რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ქაღალდზე ჩანს. გიორგიძის თქმით, ტურისტი მხოლოდ თბილისში არ ჩერდება - ის მიდის მთაში, ლაშქრობებზე, პატარა სოფლებში, ზოგჯერ ისეთ ადგილებში, სადაც საერთოდ არავინ ცხოვრობს. ვინ გააკონტროლებს ამას? - კითხულობს ის. დღემდე გაურკვეველია, ვინ და როგორ გააკონტროლებს სიტუაციას და იმას თუ როგორ შესრულდება კანონი.
ფორუმი