ბერლინში დააკავეს ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მის სრულ სახელს არ ასაჯაროებენ, დოკუმენტებში ეს პირი სერგეი კ-ის სახელითაა მოხსენიებული.
გერმანიის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს პოლიციის ფედერალური სამმართველოს მუშაკებმა. 29 აპრილს სასამართლო გადაწყვეტს მისი წინასწარი პატიმრობის საკითხს.
გამოძიების თანახმად, სერგეი კ-ს, სულ მცირე, 2025 წლის მაისიდან ჰქონდა კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან და მათ ინფორმაციას აწვდიდა. საქმე ეხება მონაცემებს, რომლებიც უკავშირდება გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და გერმანიის თავდაცვის მრეწველობის მდგომარეობას. იუწყებიან, რომ განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო დრონებისა და რობოტების ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.
გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილი ფოტოებს უღებდა ავტომაგისტრალებზე მანქანების კოლონებს, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოების კოლონებს, ასევე ბერლინში მდებარე სახელმწიფო შენობებს. პროკურატურის ცნობით, იგი "ინფორმაციას აწვდიდა დაზვერვაში თავის კონტაქტს შესაბამის სამიზნეებზე გერმანიაში დივერსიისთვის და სთავაზობდა დამატებითი პირების გადაბირებას, დივერსიული და ჯაშუშური ჯგუფისთვის".
სამშაბათს ჩხრეკა ჩატარდა ეჭვმიტანილის ბინაში და კიდევ ერთი პირის სახლში, რომელიც საქმის მონაწილედ არ მიიჩნევა. ჩხრეკის შედეგებზე ინფორმაცია საჯარო არ არის.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე წყაროთა ინფორმაციით იკვეთება ნიშნები, რომ სერგეი კ. უწინ რუსეთის მხარეს იბრძოდა უკრაინის დონეცკის ოლქში.
გერმანიის სამართალდამცველები იუწყებიან კიდევ ერთ გამოძიებაზე - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე ჩხრეკა ჩატარდა ლიეტუვის 43 წლის მოქალაქესთან. ეს პირი ეჭვმიტანილია დივერსიის მიზნით ჯაშუშობაში. პოლიციის ცნობით, იგი დეტმოლდში ცხოვრობს და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.
გამოძიების მიზეზი გახდა 2025 წლის სექტემბერში აღმოჩენილი სათვალთვალო ვიდეოკამერა ქალაქ მინდენთან ახლოს. კამერა განთავსებული იყო რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან და შეეძლო აღებეჭდა მატარებლების მოძრაობა, მათ შორის სამხედრო გადაზიდვები. ახლოს მდებარეობს გერმანულ-ბრიტანული ბატალიონის ბაზა, საკუთრივ ეს ადგილი გამოიყენება ნატოს აღმოსავლეთის ნაწილის გაძლიერებისთვის ტექნიკის გადატანის მიზნით.
უშიშროების სამსახურის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ამ ქმედებების უკან შესაძლოა რუსეთი იყოს.
ფორუმი