Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პორტმა არ მიიღო რუსეთის მიერ უკრაინიდან გატანილი ხორბლით დატვირთული გემი

ისრაელის ქალაქ ხაიფის პორტი(საარქივო ფოტო)
ისრაელის ქალაქ ხაიფის პორტი(საარქივო ფოტო)

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატანილი ხორბლით დატვირთული გემი ისრაელმა არ მიიღო. ამის შესახებ 30 აპრილს განაცხადეს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და უკრაინის ელჩმა ისრაელში.

  • მარცვლეულით დატვირთული, პანამის დროშით მცურავი გემი PANORMITIS ხაიფის პორტიდან გააბრუნეს და ამჟამად ნეიტრალურ წყლებში იმყოფება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მის მიერ მიღებული პროცესუალური ზომებისა და ისრაელისთვის შესაბამისი მასალების გაგზავნის შედეგად ჩაიშალა რუსეთის მცდელობა, მოეხდინა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გატანილი ხორბლის ლეგალიზება.

პროკურატურის თანახმად, ნეიტრალურ წყლებში გემის შესვლა არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი წარმოების შეწყვეტას და პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ამ საქმესთან კავშირის მქონე პირებს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ“, - უთხრა უკრაინის ელჩმა ისრაელში იევჰენი კორნიიჩუკმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“.

ისრაელის გამოცემა The Marker-ს ხორბლის იმპორტიორ ადგილობრივ კომპანია „ცინციპერში“ 30 აპრილს განუცხადეს, რომ უარი თქვეს სავარაუდოდ, უკრაინიდან უკანონოდ გატანილი ხორბლის მიღებაზე, რის შემდეგაც გემმა ხაიფის პორტი დატოვა და ნეიტრალურ წყლებში გადაინაცვლა. მანამდე კომპანიამ ინსტრუქცია ითხოვა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

ისრაელის გამოცემა Haaretz-ი ამ კვირაში წერდა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსმა მიმწოდებლებმა ისრაელში არაერთხელ გაგზავნეს მოპარული უკრაინული ხორბალი და ამის გამო ევროკავშირი ისრაელს სანქციებით დაემუქრა.

გემი Panormitis-ი ხაიფის პორტში მარტის ბოლოსაც იმყოფებოდა და რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ჩატვირთული ხორბალი ჩაიტანა.

ამჯერად, ხორბლის მიმწოდებელი რუსული ფირმა SGM ირწმუნება, რომ გემი რუსეთის ტემრიუკის პორტში დატვირთეს. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ Panormitis-ზე დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული გადატვირთეს გემიდან „ლეონიდ პესტრიკოვი“, რომელიც მანამდე ოკუპირებულ ბერდიანსკში იმყოფებოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 აპრილს გამოძახებული იყო ისრაელის ელჩი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლით უკანონო ვაჭრობის გამო. მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა უკრაინა-ისრაელის დავის კომენტირებაზე.

  • უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპირების შემდეგ, უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ ტერიტორიებიდან წაღებული ხორბლითა და სხვა პროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG