Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში პასპორტის გაცემას უჭიანურებენ - ამბობს ცოლი

აფგან სადიგოვი
აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანში ჟურნალისტ აფგან სადიგოვისთვის უცხოური პასპორტის გაცემის პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეფერხდა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პასპორტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურა დასრულებულია, გადახდილია შესაბამისი საფასური და დოკუმენტის ჩაბარება 1 მაისს იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ის ჰყვება, მასალის რაიონის სახელმწიფო სერვისების ერთიან ცენტრში განუცხადეს, რომ სისტემაში დაფიქსირებული სავარაუდო „ძებნილის“ სტატუსის გამო პასპორტის გაცემა შეუძლებელია.

სევინჯ სადიგოვას ინფორმაციით, მასალის რაიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისგან მიღებული განმარტების მიხედვით, „აფგან სადიგოვზე აქტიური ძებნა არ მიმდინარეობს და მას დოკუმენტების მიღება თავისუფლად შეუძლია.“

„ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყება აცხადებს, რომ „ძებნა არ მიმდინარეობს“, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სისტემა საპირისპიროს მიუთითებს, სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნის და სიტუაციის ახსნას მოითხოვს.“

მისივე განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე 1 აპრილს დაიხურა.

„ამჟამად ორი სახელმწიფო უწყება ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის: ერთი ამბობს, რომ ძებნა არ მიმდინარეობს, მეორე კი იუწყება, რომ სისტემაში „ძებნილის“ სტატუსი კვლავ არსებობს. ეს წინააღმდეგობა თავისთავად სერიოზულ კითხვებს ბადებს. ჩემი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინია ამ შეუსაბამობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა და სიტუაციის ოფიციალური გარკვევა. თუმცა ისინი ოფიციალურ პასუხზე უარს ამბობენ. რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს“, - ამბობს აფგან სადიგოვის მეუღლე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

სადიგოვის შესახებ

აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, აზერბაიჯანი კი მის გადაცემას მოითხოვდა.

სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

ჟურნალისტის კიდევ ერთხელ დაკავება

აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ეწერა სადო პოსტში, რომელსაც თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.

გაძევების გადაწყვეტილება

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

  • აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ;
  • 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ამით ჟურნალისტი ქართულ პოლიციას შეურაცხყოფდა;
  • სამი წლის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში შემოსვლა.

გაძევების მეორე დღეს, 6 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

სასამართლოს უარი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:

„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG