Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე საამიროების საგარეო უწყების ერთ-ერთ სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე და საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საიდ ალ ჰაჯერი
ირაკლი კობახიძე და საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საიდ ალ ჰაჯერი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, 30 აპრილს თბილისში სტუმრად მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრი, საიდ ალ ჰაჯერი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის თემებს შორის იყო „Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის“ ინვესტიცია - როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო-საამიროების ყველა შეხვედრას გასდევს ფონად.

ვინ არის სახელმწიფო საიდ ალ ჰაჯერი

საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრი.

სახელმწიფო მინისტრები საგარეო საქმეთა მინისტრის ქვეშ მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებებით (ისინი მთავრობის წევრებად ითვლებიან).

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი კი 2006 წლიდან არის შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, - ნაჰაიანთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის ძმა.

ალ ჰაჯერი არის მაღალი რანგის დიპლომატი, რომელსაც სამინისტროში, სხვა ფუნქციებთან ერთად, ჩაბარებული აქვს:

  • საამიროების გლობალური ეკონომიკური დღის წესრიგის წინ წაწევა და
  • აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. ასევე არის:
  • „აბუ-დაბის საინვესტიციო რეგულატორის“ (ADIA) აღმასრულებელი დირექტორი და სამეურვეო საბჭოს წევრი;
  • „აბუ-დაბის კომერციული ბანკისა“ (რომლის 62.5%-საც სახელმწიფო ფლობს) და „აბუ-დაბის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის“ თავმჯდომარე.

ის აგრეთვე არის არაბთა გაერთიანებული საამიროების „შერპა“ - ანუ მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენელი, ერთგვარი ელჩი, - „ბრიკსში“ (BRICS).

ასევე, ის არის საგარეო საქმეთა მინისტრ ალ ნაჰაიანის სპეციალური წარმომადგენელი ეკონომიკურ საკითხებში ერაყის ქურთისტანში.

რაზე ისაუბრეს კობახიძემ და ალ ჰაჯერიმ

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული მოკლე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს:

  • საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ „მჭიდრო ურთიერთობებზე, რომელიც აქტიურად ვითარდება“;
  • „ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში“.

ასევე, ისაუბრეს ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს პარტნიორებს შორის „უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ... ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის“.

„ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია. სხვა დეტალები მოცემული არ არის.

„იგლ ჰილზის“ პროექტი

2025 წლის თებერვალში აბუ-დაბიში მყოფმა ირაკლი კობახიძემ გააფორმა მემორანდუმი „$6-მილიარდიანი მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის“ შესახებ.

2025 წლის ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანიის ქართული შვილობილის აქციონერი გახდა.

  • მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც უფრო ადრე, 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.
  • მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა, როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად „მავნებლურია“.

დარგის სპეციალისტების განცხადებით, რეალურად, გონიოსა და თბილისში შენდება ორი დასახლება, მათ შორის ერთი ძალიან მგრძნობიარე რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გარდა, რელიგიური და დემოგრაფიული საკითხებიც ვნებათაღელვის საბაბი ხდება ხოლმე.

დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნის. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია - „ჭალის ტყე“ - დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყეა, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.

2025 წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება:

„[მოწინააღმდეგეები] აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს“, - თქვა მან.

„გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG