30 აპრილს ვარშავაში გაიმართა აშშ-პოლონეთის სტრატეგიული დიალოგის მე-16 რაუნდი. დიალოგს უძღვებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ კუპიეცკი.
დიალოგის ამ რაუნდში გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს: უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზე და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საერთაშორისო ძალისხმევაზე.
თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში აშშ-მა და პოლონეთმა იმსჯელეს თავდაცვით ინდუსტრიაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც “გააძლიერებს ურთიერთთავსებადობას, გაზრდის პოლონეთის თავდაცვის შესაძლებლობებს და ორივე ქვეყანაში შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს”. ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღიარეს პოლონეთის სამხედრო ძალების ძლიერების მნიშვნელობა.
აშშ და პოლონეთი აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. კერძოდ, საქმე ეხება ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფას და სამოქალაქო ატომური ენერგოპროექტების ხელშეწყობას პოლონეთში. აშშ-მა გამოხატა მხარდაჭერა, რომ პოლონეთი იქცეს გათხევადებული ბუნებრივი აირის ჰაბად, რაც, 30 აპრილს გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, “ჩაანაცვლებს ისტორიულად მყიფე აღმოსავლეთ-დასავლეთის მოდელს ჩრდილოეთი-სამხრეთის დივერსიფიცირებული სისტემით”.
ვარშავაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-მა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-დოკუმენტს კრიტიკულ მინერალებზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად.
ორი ქვეყნის შეთანხმება შედგა აგრეთვე ტექნოლოგიურ უსაფრთხოებაზე, რისი მიზანიც არის მაღალი რისკის მიმწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირება, ტექნოლოგიების კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარე ჩარევისგან დასაცავად.
აშშ ადასტურებს პოლონეთის “დიდ ოცეულში” (G20) მუდმივ წევრად მიღებას. მანამდე კი იწვევს პოლონეთს G20-ში აშშ-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყნების ამ ჯგუფის ყველა დონის მუშაობაში მონაწილეობისთვის.
ფორუმი