"რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს:)" - ამ ტექსტით ამცნო საზოგადოებას ფეისბუკზე მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ თეატრიდან მისი გათავისუფლების ამბავი 1 მაისს.
როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, თეატრს არც მისთვის და არც სხვა გათავისუფლებული მსახიობებისთვის არ განუმარავს გათავისუფლების მიზეზები და ჯერჯერობით არც გათავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებიათ.
"იანვარში ერთწლიანის ნაცვლად, (როგორც 31 წელი ხდებოდა) დაგვიდეს სამთვიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 30 აპრილს ამოიწურა. სულ ჯამში ამ ეტაპზე 9 მსახიობი გაგვიშვეს, შემდეგი ალბათ ექვს თვიანი ხელშეკრულებით დასაქმებული მსახიობები იქნებიან" - ამბობს ეკა. მისთვის ხელშეკრულების ხანგრძლივობის შეცვლისას არავის უთქვამს, რომ ეს ცვლილება რეორგანიზაციასთან, სამომავლო საკადრო პოლიტიკასთან ან რაიმე გარდაქმნასთან იყო დაკავშირებული.
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკლებად ვართ დაკავებული რეპერტუარში, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ნებით არ ხდება? რეჟისორმა თუ არ გაგვანაწილა, ისე ვერ ვითამაშეთ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ. დასმა, 99%-მა ხელი მოაწერა, რომ არ ემხრობა ე.წ. რეორგანიზაციას, დავაფიქსირეთ წერილობით თეატრში და მერე მივაწვდით სამინისტროს" - უთხრა მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა "ფორმულას."
ჩოლოყაშვილის თქმით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში, ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე.
რადიო თავისუფლება ცდილობს თეატრთან დაკავშირებას მათი პოზიციის გასაგებად - თუკი კომუნიკაცია შედგება, მათი კომენტარი ცვლილებებთან დაკავშირებით, ამავე მასალაში აისახება.
ფორუმი