Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ერევანში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 3 მაისი, 2026 წელი. ერევანი. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 3 მაისი, 2026 წელი. ერევანი. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი.

"მთავარი პრიორტეტია მეტი უსაფრთხოება და კოორდინაცია ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა 3 მაისს ერევანში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათში არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. მათ შორის, ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან, რომელსაც მადლობა გადაუხადა PURL(“უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზებული ნუსხა”)-ის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული თითქმის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამო - „რუსეთი არ წყვეტს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებს, ამიტომ PURL-ის ფარგლებში დროული დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიმსჯელეთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე: „დრონების ხელშეკრულებაზე“ და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევაზე“ - განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მეთაურს უკრაინისთვის მომავალი ზამთრის ენერგოსაჭიროებებზეც ესაუბრა - „უკრაინა ზამთარს მომზადებული უნდა შეხვდეს“.

უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა ფინეთის პრემიერმინისტრ პეტერი ორპოს, რომელმაც ახლახან დამატებით გამოყო 300 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის თავდაცვისთვის.

ზელენსკიმ ორპოსაც შესთავაზა “დრონების ხელშეკრულების”გაფორმება. ფინეთის პრემიერთან საუბარი ევროინტეგრაციასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნასაც შეეხებოდა.

3 მაისსვე ერევანში შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერს, რომელთანაც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან გამკლავების გზები და მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობები განიხილა:

„უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, სამმხრივ ფორმატში. სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესი იყო ჩვენს მიერ განხილულ თემებს შორის. ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის მიმართულებით. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ კოორდინირებულად იმოქმედოს რუსეთის საფრთხისგან თავის დასაცავად ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად.

კვირას გაიმართა ზელენსკის შეხვედრა ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშთან - „არსებობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების რეალური პოტენციალი“ - დაპოსტა მოგვიანებით ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ხალხს უკრაინის „გულითადი მხარდაჭერისთვის“.

4 მაისს ერევანში გაიმართება "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" მერვე სამიტი, რომლის წინა საღამოს სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ჩასულ სტუმრებს "ლიდერთა სადილზე" უმასპინძლეს. 5 მაისს ერევანშივე გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG