უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.
"ნამდვილად არსებობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და განაგრძობს საქართველოს, მის სუვერენიტეტისა და მისი ხალხის პატივისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც", - წერს ზელენსკი.
შეხვედრის შესახებ უფრო ადრე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგვიანებით, მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ ისე, რომ არ დაუკონკრეტებია შეხვედრის შინაარსი, იქიდან გამომდინარე, რომ, მისი სიტყვებით, "ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა", თქვა, რომ "იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი".
"თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.
უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
EPC-ს სამიტი
- დღეს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყო „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ასევე ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.
- ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
- ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.
უკრაინაში ომი და ურთიერთობები
- რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ არაერთი დარტყმა მიიტანა სტრატეგიულ ობიექტებზე, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც.
- ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირის ბიუროკრატებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
- “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს როგორც ლტოლვილების ღირსეული მიღებით, ასევე ჰუმანიტარული დახმარებითა და მათ შორის - საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების მხარდაჭერით. ამას თბილისი “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმს უწოდებს.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე - 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია და მიზეზებად დაასახელა: საქართველოს მთავრობის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციების დაწესების მიმართ ხელისუფლების პოზიცია.
- თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი.
- თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც დაძაბული იყო და პირველად ელჩი საქართველომ გამოიწვია. მთავარ მიზეზებს თბილისი ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებდა.
- "ქართული ოცნების" მთავრობამ უკრაინიდან მაშინდელი ელჩის - თეიმურაზ შარაშენიძის - გამოხმობის გადაწყვეტილება 2020 წლის 8 მაისს მიიღო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელების გამო.
- კონსულტაციები გახანგრძლივდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში საქართველოს ელჩი არ ჰყავდა.
- თეიმურაზ შარაშენიძე კიევში 2021 წლის 21 აპრილს დააბრუნეს [2021 წლის სექტემბრამდე]. ამას წინ უსწრებდა მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის - გამოსვლა პარლამენტში, როცა მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მაშინ რუსეთს სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ მზადება უკვე შეინიშნებოდა.
- 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში საქართველოს ახალ ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
ფორუმი