Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საჭიროა მაქსიმალურად ლავირება“ - კობახიძე ერევანში ევროპელ ლიდერებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომელშიც ურზულა ფონ დერ ლაიენიც მონაწილეობდა.
ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომელშიც ურზულა ფონ დერ ლაიენიც მონაწილეობდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

მედიასთან კომენტარის გაკეთებამდე, ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

დისკუსიას თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, მონაწილეობდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.

მედიასთან კომენტარისას, ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტმა კობახიძეს რიტორიკული შეკითხვა დაუსვა: „ასეთ ფორმატში მონაწილეობის დროს არ არსებობს ომში ჩართვის საფრთხე?!“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირის ბიუროკრატებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

„ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიციები.

ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი საუკუნეების განმავლობაში და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა - აქედან გამომდინარე, საჭიროა მაქსიმალურად ლავირება, პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - თქვა კობახიძემ.

დღეს, 4 მაისს, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს.

​„შეშფოთება გამოვხატე საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოვთქვი, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება“, - დაიწერა ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მეგობრული საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან.

„უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - თქვა კობახიძემ.

EPC-ს სამიტი

  • დღეს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ასევე ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.
  • ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
  • ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG