Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში ფეისბუკპოსტისთვის - ია მელითაური მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება

აქტივისტი ია მელითაური (მარცხნივ) და პოლიციელი ლაშა სალუქვაძე - ფოტოკოლაჟი
აქტივისტი ია მელითაური (მარცხნივ) და პოლიციელი ლაშა სალუქვაძე - ფოტოკოლაჟი

მოსამართლე თორნიკე კაპანაძე 5 მაისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას აქტივისტ ია მელითაურთან დაკავშირებით - რომელსაც პოლიციელის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტის გამოქვეყნებას ედავებიან.

“ვერ ამტკიცებენ, რომ ია მელითაურის მიერ არის დაწერილი აღნიშნული პოსტი და ასევე არ ჩანს, ვის მიმართ არის დაწერილი. სუბიექტი არ არის განსაზღვრული”, - უთხრა მელითაურის ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა, რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 მაისს გამართული სხდომის შემდეგ.

საქმის წარმოება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ მუხლით განსაზღვრულია ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდე ანდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

“სალუქვაძე, #... შენა, წადი #... იმკურნალე ისევ, კიდევ არ გიწერ რატომ” - გინების შემცველი ფეისბუკპოსტი, რომელსაც ია მელითაურს მიაწერენ, შსს-ს მტკიცებით, პოლიციელ ლაშა სალუქვაძეზე დაიწერა.

თუმცა ტექსტში ნახსენებია მხოლოდ გვარი, სახელის გარეშე. ასევე, არ ჩანს, რომ ფეისბუკანგარიში, რომელზეც პოსტი იყო გამოქვეყნებული, ია მელითაურს ეკუთვნის.

“რითი ამტკიცებთ, რომ ლაშა სალუქვაძეს მიემართება შეურაცხყოფა?!” - ადვოკატ ვარდიაშვილის ამ შეკითხვაზე შსს-ის იურისტმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა, უპასუხა, რომ ია მელითაური “აქტიურია პოლიციელების შეურაცხყოფაში”; ხოლო იმის დასტურად, რომ მელითაურს ფეისბუკის გვერდი ჰქონდა, შს სამინისტრომ სხდომაზე წარმოადგინა სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას ვიდეოკომენტარი [მედიის საინფორმაციო პროგრამიდან], რომელშიც ის მელითაურის მიერ გამოქვეყნებულ სულ სხვა პოსტზე ლაპარაკობს. ამ ტექსტში ლაშა სალუქვაძე ქალზე მოძალადედ არის დახასიათებული.

ია მელითაური სხდომას არ დასწრებია.
ია მელითაური სხდომას არ დასწრებია.

ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა გააპროტესტა - თქვა, რომ აქტივისტ გაბრავას ვიდეოკომენტარი მტკიცებულებად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მას არავითარი კავშირი არა აქვს სასამართლოში სადავო პოსტთან.

“მტკიცებულებაში არის ნაწილი, რომელიც არ შეეხება მოცემულ საქმეს”, - მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ადვოკატ ვარდიაშვილის ეს შუამდგომლობა გაიზიარა.

დიმიტრი ვარდიაშვილმა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ გაიმეორა, რომ “შსს-ს ჰქონდა ოთხი თვე მტკიცებულებების შესაგროვებლად, მაგრამ ვერაფერი წარმოადგინეს”; განმარტავდა, რომ საკმარისი არც მელითაურის ავტორობის დადასტურება არ იქნებოდა, რადგან მაინც ჰაერში დარჩებოდა მეორე მთავარი საკითხი - იყო თუ არა პოსტის სამიზნე პოლიციელი ლაშა სალუქვაძე.

“სალუქვაძე შეიძლება იყოს როგორც ლაშა, ასევე დიმიტრი, ალექსანდრე, გიორგი… შეიძლება იყოს პოლიციელიც ან სხვა პროფესიის ადამიანი”, - გვეუბნება ადვოკატი ვარდიაშვილი; უკვირს, რატომ მიიღო პოლიციელმა ეს პოსტი მაინცდამაინც საკუთარ თავზე და თვლის, რომ ია მელითაურის წინააღმდეგ ჯარიმაც კი არ უნდა იქნას დაწესებული და საქმე უნდა შეწყდეს.

ადვოკატმა სხდომაზე მოიყვანა მაგალითი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან - როდესაც რუსი სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო გასამართლებული მოქალაქის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. ადვოკატმა ვარდიაშვილმა დაამატა, რომ იმ საქმესა და მელითაურის საქმეს შორის "სხვაობა ისეთივეა, როგორც სპილოსა და ჭიანჭველას შორის".

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

4 მაისს ია მელითაური სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

მანამდე, 2025 წლის შემოდგომაზე, აქტივისტი დაკავებული იყო ოთხი დღით - ასევე მოსამართლე თორნიკე კაპანაძის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.


ია მელითაურის დაკავება
ია მელითაურის დაკავება

ია მელითაური 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დარღვევას ედავებოდა; რაც მოიცავს წვრილმან ხულიგნობას − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას; პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ლაშა სალუქვაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საფუძვლით, 2025 წლის ნოემბერში, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5000 ლარით დააჯარიმა აქტივისტი ნათია გაბრავა.

2025 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანი პოლიციელს სიტყვიერ შეურაცხყოფას სამჯერ მიაყენებს, მას სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ.


კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG