Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო დარტყმას უკრაინის ზაპოროჟიეზე

ზაპოროჟიე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინა, 2026 წლის 5 მაისი
ზაპოროჟიე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინა, 2026 წლის 5 მაისი

12 ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ ავიაბომბებით განხორციელებულ დარტყმას - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი. იგი ასევე ავრცელებს ცნობას 16 დაჭრილის შესახებ.

ფედოროვი სოციალური ქსელებით წერს, რომ ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი - "მტერმა ავიაბომბებით დაარტყა ზაპოროჟიეს რამდენიმე საწარმოს. იწვის ავტომობილები, მაღაზია და საწარმო". მისივე ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური 18 დაჭრილზე წერს ზაპოროჟიეში. იუწყებიან, რომ ფსიქოლოგების დახმარება დაჭირდა 40-მდე პირს, მათ შორის ექვს ბავშვს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ამავე დღეს, 5 მაისს რუსეთის არმიამ სამი ფუგასური ავიაბომბი ჩამოაგდო კრამატორსკის ცენტრში. დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი - იუწყება დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი.

"დაარტყეს პირდაპირ ქალაქის ცენტრს, ადამიანებს" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკში შექმნილი ვითარების შესახებ.

რუსეთის მხარეს ამ თავდასხმებზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება. უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, რუსეთი მუდმივად უარყოფს ბრალდებებს, რომ მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG