Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა

მარცხნიდან: კევინ ჰამილტონი  და მაკა ბოჭორიშვილი
მარცხნიდან: კევინ ჰამილტონი და მაკა ბოჭორიშვილი

დღეს, 7 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.

"საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

უწყებისვე ცნობით, კევინ ჰამილტონმა "მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი".

კევინ ჰამილტონის ვიზიტი საქართველოში

  • ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, შეხვდება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს;
  • მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში;
  • ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC).

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კევინ ჰამილტონი მარტში დაინიშნა.

მან ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა ესპანელი დიპლომატი, ხავიერ კოლომინა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა.


კევინ ჰამილტონს კომენტარი აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე. მისი შეფასებით, ეს კანონი დაბრკოლებაა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

„იმედგამაცრუებელი შედეგი გუშინ, საქართველოს პარლამენტში. მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ქართველები ამ დაბრკოლებას გადალახავენ, მათი ერისთვის დამახასიათებელი სტოიციზმითა და სიმტკიცით“, - დაწერა კევინ ჰამილტონმა 2024 წლის 25 მაისს X-ზე.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები

მარტის ბოლოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას „აზრი აქვს“, თუმცა „სერიოზული შეშფოთება არსებობს“ ბოლო პერიოდთან დაკავშირებით.

ყოველწლიური ანგარიში

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატოს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - წერია დოკუმენტში.


წინსვლა თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობაში

ანგარიშის მიხედვით, ნატოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერია ნატოს ანგარიშში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან მუშაობას განაგრძობდა ნატოს მრჩეველთა დიდი გუნდი, "თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.

ნატო და რეგიონი

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, "როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გავლენას".

"2025 წელს, ნატო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას და აღიარა შეერთებული შტატების მიერ სამშვიდობო პროცესში ჩართულობა.

ნატო მზადაა, გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან", - წერია ანგარიშში.

თბილისის პოზიცია

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონტექსტში საუბრისას ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე სვამენ აქცენტს და მის უპერსპექტივობაზე მიანიშნებენ.

„30 წელია ვითხოვთ ნატოში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა“, - თქვა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შარშან, მარკ რიუტესთან რადიო თავისუფლების ინტერვიუს შემდეგ.

ცოტა ხნის წინ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებით შეგულიანებული უკრაინა „ყველანაირ ესკალაციაზე წავიდა“.

ნატოს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG