Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალება მოითხოვა - აქტივისტი გიორგი რომელაშვილი

ფოტო არქივიდან: ფრიდონ ბუბუტეიშვილი
ფოტო არქივიდან: ფრიდონ ბუბუტეიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი რომელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც 2024 წელს თბილისში მიმდინარე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, შეწყალებაზე თანახმაა. ამის შესახებ თავად ბუბუტეიშვილმა შეატყობინა საპატიმროდან.

"არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს. ქართული ოცნების წევრები არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ “ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ” ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა", - წერს რომელაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რას ედავებოდნენ დემონსტრანტს

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის 20 იანვარს მიუსაჯა.

მას ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:

  • ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
  • 353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).


ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით.

2025 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს. მათ საპატიმრო 10 თვის შემდეგ დატოვეს.

დღეს, 8 მაისს, საპატიმრო დატოვა ასევე აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი კუჭუაშვილმა.

წყლის ბოთლის სროლისთვის დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) გაასამართლეს. სააპელაციო სასამართლომ მისი ბრალი გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველ ნაწილად (პოლიციელზე ძალადობა) - მას ოთხი წლის ნაცვლად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მოსამართლეს მისი ჯარიმით გათავისუფლებაც შეეძლო.

გიორგი კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უარყოფდა პოლიციელების მიმართულებით ნახევრად სავსე პლასტმასის ბოთლის სროლას, თუმცა ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა და ამ მოქმედებას პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნევდა.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი ("კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.

კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
  • გამოხატვის თავისუფლებას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG