Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

სულ მცირე, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს
სულ მცირე, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს

ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი იმ ხუთი სპეცრაზმელის საქმეზე, რომელთაც 2024 წლის აქციებისას დემონსტრანტზე, ჟურნალისტს და პოლიტიკოსზე ძალადობაში ედებათ ბრალი.

ეს 8 მაისს, ერთ-ერთი მათგანის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი ინფორმაციიდან გაირკვა.

მჭედლიშვილი 7 მაისს დაკავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელის ინტერესებს იცავს - მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით - სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

„დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმის გათვალისწინებით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდული ვარ“, - განუცხადა მან „ინტერპრესნიუსს“ 8 მაისს.

ზოგადად, პროკურატურა ერთნაირი სტანდარტით უდგება ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს, - შესაბამისად, დეტალებს, სავარაუდოდ, საჯაროდ ვერ გათქვამენ ვერც სხვათა ადვოკატები.

სასამართლოს მოლოდინში

ჯერ არ გამართულა სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ - სადაც უნდა გადაწყდეს, პატიმრობას გამოიყენებენ თუ გირაოს.

მათ ბრალი დღეს, 8 მაისს წარუდგინეს. თუმცა ცნობილია, რომ ხუთი ბრალდებულიდან ორი უკვე იყო პატიმრობაში - სხვა საქმეებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ბრალდებული - ის, ვისაც ადვოკატი მჭედლიშვილი იცავს, - ბრალს აღიარებს. თუმცა უცნობია, ვისზე ძალადობაშია ის ბრალდებული - ჟურნალისტ გურამ როგავაზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე თუ დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე.

„დიდი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, დეტალებზე, თუ რა ჩვენება მისცა, რა თქვა და ა.შ., ვერ ვისაუბრებ“ - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე თქვა, რომ:

  • ბრალდებული პირველად 7 მაისს გამოჰკითხეს, რის შემდეგაც დააკავეს კიდეც;
  • „ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე ბრძანება გასცა ან დაავალა, არ უხსენებია“
  • საქმის მასალები მისთვის ჯერ არ გადაუციათ.

5 პირის დაკავება „თითქმის არაფერს ცვლის“

დაზარალებულები, - უფლებადამცველების მსგავსად, - ამბობენ, რომ ხუთი სპეცრაზმელის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სამართლიანობა დადგეს.

„საპროტესტო აქციების დარბევისას ძალის ფართომასშტაბიანი გადამეტების გამო პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ხუთი თანამშრომლის დაკავებით არ უნდა დასრულდეს, მით უფრო, როდესაც ეს ნაბიჯი უკვე 17 თვით დაგვიანებულია“, - განაცხადა Amnesty International-მა 8 მაისს.

Amnesty-ს განცხადებითვე, გამოძიება უნდა გავრცელდეს „ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს“, მათ შორის:

  • „მათზე, ვინც ბრძანებებს გასცემდა;
  • მათზეც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ვალდებულება ვერ შეასრულა“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG