Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრი ერმაკი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში

ანდრი ერმაკი
ანდრი ერმაკი

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ) და კორუფციის წინააღმდეგ სპეციალიზებულმა პროკურატურამ (საპ) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს, ოფიციალურად შეატყობინეს, რომ იგი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში.

ბიურო აცხადებს, რომ "მიდასის" სახელით ცნობილი ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც მოახდინა 460 მილიონი ჰრივნის უკანონო ლეგალიზება, კიევში ელიტური საცხოვრებლის ასაშენებლად. ერმაკი ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრადაა დასახელებული.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ერმაკთან დაკავშირებულ შენობებში ჩხრეკა ჩატარდა.

ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ხელმძღვანელობდა 2020-დან 2025 წლამდე. მას მიიჩნევდნენ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მოკავშირედ. ის 2025 წლის ბოლოს გადადგა თანამდებობიდან, სახელმწიფო ენერგოკომპანია "ენერჰოატომის" გარშემო დაწყებული კორუფციული სკანდალის ფონზე.

გადადგომის შემდეგ ერმაკი ამბობდა, რომ შეიძლებოდა ფრონტზე წასულიყო. მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ერმაკი სათავეში ჩაუდგა ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციასთან მისივე ინიციატივით შექმნილ კომიტეტს, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულთა დაცვის საკითხებზე.

უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების განცხადებით, ოპერაცია "მიდასის" ფარგლებში გაიხსნა რამდენიმე დანაშაულებრივი სქემა, რომლებშიც ჩართული იყვნენ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები. სქემის ორგანიზატორად გამომძიებლები მიიჩნევენ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს, რომელიც ზელენსკის ყოფილი პარტნიორია. საქმეში ფიგურირებდა პირი სახელით "ალი ბაბა", რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს აძლევდა მითითებებს. გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ, რომ ეს, შესაძლოა, ერმაკი ყოფილიყო.

ერმაკისთვის წაყენებული ბრალდების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ეს უკავშირდება მინდიჩის ქმედებებს, რადგან ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო განცხადებაში ახსენებს ოპერაცია "მიდასს".

ფორუმი

XS
SM
MD
LG