დედაქალაქის ქუჩებში სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენელბი და მოქალაქეები, შვილებთან ერთად, მსვლელობას აწყობენ.
სამების საკათედრო ტაძარში, კათალიკოს-პატრიარქის ტიტულით, წირვა პირველად აღავლინა შიო III-მ, რომელიც სინოდის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გამოარჩიეს. წირვას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა მედიასთან საუბრის დროს „სრულიად საქართველოს“ ეს დღე მიულოცა.
17 მაისი
- 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოში ლგბტ უფლებების ინტერესები განსაკუთრებულად ილახება.
- დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
- ხალხი ქუჩაში გამოვიდა დღეს, 2026 წლის 17 მაისსაც. იმართება მსვლელობაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალმა პატრიარქმა შიო III-მ სამების ტაძარში აღავლინა წირვა.
- „ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.
- ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათ შორის, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ. ამ კანონით:
- არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
- აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
- აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
საქართველოს გაცხადებული მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის სახელით, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აცხადებს, რომ სადაც ლგბტ ადამიანების მიმართ უთანასწორობა და დისკრიმინაციაა იქ „დემოკრატია ვერ აყვავდება“.
ფორუმი