დედაქალაქში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერირტოაზე, სადაც მსვლელობაში მონაწილეებმა ჩაიარეს, მათ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ესაუბრა.
„აქ მოვედით, რომ ადამიანებს მივულოცოთ ოჯახის სიწმინდის დღე და მათ შევუერთდეთ და ვუთხრათ, რომ ოჯახი არის ჩვენი საყრდენი და საფუძველი, ოჯახი არის წმინდა. ბავშვები არიან ჩვენი მომავალი, ბავშვზე ზრნუვის გარეშე ოჯახი არაფერია. მოვუწოდებთ, დაგვეხმარონ ჩვენი შვილების გადარჩენაში“, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლებაში მყოფი „ქარული ოცნება“ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავს. ამ დღეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები შეუერთდნენ, რომლებსაც ხელისუფლება მოთხოვნილი მედიკამენტის მიწოდებაზე უარს ეუბნება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფის შესახებ
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა ბავშვებში.
- მსოფლიოში ყოველი 3000 ბიჭიდან 1 ამ სინდრომით იბადება.
- გოგოებში ეს დაავადება იშვიათია.
- დღეს მსოფლიოში დიუშენის სინდრომით დაახლოებით 250 ათასიდან 300 ათას ადამიანამდე ცხოვრობს. საქართველოში ამ დიაგნოზით სულ 100-მდე ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია აღრიცხული.
- ამ დაავადების პირველი ნიშნები 2-5 წლის ასაკში ჩნდება. ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს, უჭირთ სირბილი, ხშირად ეცემიან, უჭირთ კიბეზე ასვლა, სწრაფად იღლებიან თამაშისას.
- დროსთან ერთად დაავადებაც პროგრესირებს. უკვე 6-8 წლის ასაკში ბავშვს კიდევ უფრო მეტად უძნელდება სირბილი, ჩნდება კუნთების ძლიერი სისუსტე.
- 10 წლის ასაკიდან კი ბავშვების უმეტესობა სრულად კარგავს სიარულის უნარს. ისინი ეტლში აგრძელებენ ცხოვრებას. მალევე თავს იჩენს გულისა და ფილტვის დაზიანება და მოზარდებს სუნთქვის აპარატები სჭირდებათ.
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა. თუმცა თანამედროვე მკურნალობის, ახალი მედიკამენტებისა და რეაბილიტაციის წყალობით, სიცოცხლის 10-20 წლით გახანგრძლივება შეიძლება.
17 მაისი
- 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოში ლგბტ უფლებების ინტერესები განსაკუთრებულად ილახება.
- დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
- ხალხი ქუჩაში გამოვიდა დღეს, 2026 წლის 17 მაისსაც. იმართება მსვლელობაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალმა პატრიარქმა შიო III-მ სამების ტაძარში აღავლინა წირვა.
- „ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.
- ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათ შორის, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ. ამ კანონით:
- არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
- აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
- აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
საქართველოს გაცხადებული მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის სახელით, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აცხადებს, რომ სადაც ლგბტ ადამიანების მიმართ უთანასწორობა და დისკრიმინაციაა იქ „დემოკრატია ვერ აყვავდება“.
ფორუმი