რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს 18-დან 19 მაისის ღამითაც. დარტყმის ქვეშ იყო არაერთი რეგიონი, მათ შორის ხარკოვის, ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქის ნოვობავარის რაიონზე ორი დარტყმის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 25 კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი.
დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დამწვარია არასაცხოვრებელი შენობა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ხარკოვთან მდებარე სოფელ პოკოტილოვკაში. დაზიანებულია სახლები
ერთი ადამიანი დაიჭრა და რამდენიმე სახლი დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 19 მაისს შეტევა იყო ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 209 უპილოტო საფრენი აპარატით. 19 მაისის 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 108 დრონის მოგერიება და 27-ით პირდაპირი დარტყმა 15 ადგილზე
19 მაისს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ იაროსლავშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა.
იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, გამთენიისას რეგიონზე დრონებით „მასირებული შეტევა“ იყო და „უპილოტოების უმრავლესობა ჩამოაგდეს“, თუმცა დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ევრაევს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
გუბერნატორის თანახმად, სატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეჩერებული იყო ქალაქ იაროსლავის მოსკოვის გამზირის რაიონში და დედაქალაქ მოსკოვისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე.
ქალაქ იაროსლავის მოსკოვის გამზირის მახლობლად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, გამთენიისას საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო სულ მცირე ოთხი უკრაინული დრონი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. გასული ღამის განმავლობაში დრონებით შეტევის საფრთხე იყო გამოცხადებული რუსეთის ათზე მეტ რეგიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 19 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში ქვეყნის 18 რეგიონში და ყირიმში გაანადგურეს 315 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
განახლება: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 19 მაისს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ რუსეთის იაროსლავის ოლქის დასახლებული პუნქტის, სემიბრატოვოს რაიონში დაარტყეს ნავთობის საქაჩ სადგურს „იაროსლავი-3“ და მისთვის მიყენებული ზიანი დაზუსტების ეტაპზეა. გენშტაბის ცნობითვე, წინა დღეს, 18 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც კომპანია „ლუკოილია“, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
19 მაისს დილიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ისევ მიიტანეს შეტევა დრონებით და რაკეტებით.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გლუხოვის რაიონში დრონებით დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი.
ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტით დარტყმა იყო ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე, სადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. რაკეტით შეტევა იყო ერთ-ერთ საწარმოზე. ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
უკრაინის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, 19 მაისს დილით რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ოლქში დრონებით შეტევაც მიიტანეს გაზის ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტზე.
ფორუმი