Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბირთვული ძალების წვრთნები დაიწყო

ფოტო არქივიდან. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის ბირთვული ძალების წვრთნებისას გამოყენებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა  „იარსი".
ფოტო არქივიდან. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის ბირთვული ძალების წვრთნებისას გამოყენებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იარსი".

19 მაისს რუსეთში დაიწყო სამხედრო წვრთნები „აგრესიის საფრთხის პირობებში ბირთვული ძალების გამოყენების მოსამზადებლად“.

ეს მიზანი დასახელებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, სწავლებაში მონაწილეობენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანეების ფლოტი, შორეული ავიაციის სარდლობა და ლენინგრადის და ცენტრალური სამხედრო ოლქების ნაწილები.

ოფიციალური მონაცემებით, წვრთნებში ჩართულია 64 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი სარაკეტო დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 გემი და 13 წყალქვეშა ნავი, მათგან 8 სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სწავლებისას პოლიგონებიდან გაშვებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და „დამუშავდება ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხებიც“.

წვრთნები 21 მაისს უნდა დასრულდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბირთვული ძალების წინა წვრთნები 2025 წლის ოქტომბერში ჩაატარა.

რუსეთში 19 მაისს დაწყებულ სწავლებამდე ერთი დღით ადრე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთთან „ურთიერთქმედებით“ დაიწყო „ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილების“ წვრთნები.

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2023 წლიდან განათავსა.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი, ყველაზე ხშირად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი პერიოდულად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით.



ფორუმი

XS
SM
MD
LG