Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ - PACE-ს მონიტორები "ოცნებას"


ფოტოკოლაჟი: საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა
ფოტოკოლაჟი: საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა

მოკლედ

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მონიტორები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების წინააღმდეგ.
  • მოწოდებებს შორის არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაც ახლადმიღებულ კანონებთან დაკავშირებით.
  • მონიტორები ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი საქართველოში 2025 წლის 10-12 ნოემბერს იმყოფებოდნენ.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან ერთად, რომლებითაც მოთხოვნილია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა.

ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომლებსაც, ფაქტობრივად, შეუძლია დიქტატურის დამყარება საქართველოში“, - საბინა ჩუდიჩის და ედიტ ესტრელას ამ განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

რაც შეეხება იმ კანონებს, რომლებთან დაკავშირებითაც მონიტორები საქართველოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას სთხოვენ, ესენია:

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“;
  • „საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“;
  • „გრანტების შესახებ კანონი“;
  • „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“.

ეს ოთხივე კანონი ევროპულ კანონმდებლობასთან შეუთავსებელია.

მონიტორები საქართველოში ვიზიტის დროს შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფებს.

საბინა ჩუდიჩის და ედიტ ესტრელას არ შეხვდნენ მთავრობის წევრები, ასევე მათ უარი ეთქვათ, ციხეში მოენახულებინათ გაზეთ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თბილისის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასე დაძაბული იმ 26 წლის მანძილზე, რაც ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა.
  • ბოლო წელს PACE-ს მიღებული აქვს არაერთი მწვავედ კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შესახებ.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი გაზაფხულზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი. აგვისტოში ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG