„ამ კაცს არ ესმის, რომ მთავრობას უცხოეთშიც უსმენენ. და როდესაც ლაპარაკობ, ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, დაუყოვნებლივ გიპასუხებს“, - თქვა ქოჩარიანმა საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„[რუსეთის] გუშინდელი პასუხი უბრალოდ ძალიან ცუდი ნიშანი იყო. მე ვიცნობ მაგ ქვეყანას და შემიძლია, სტრიქონებს შორის წავიკითხო, რას ამბობენ“, - განაცხადა ქოჩარიანმა 21 მაისს და დასძინა:
„გვეუბნებიან, თქვენ, ძვირფასო ხალხო, პრობლემა გაქვთ ამ მთავრობასთან... [ფაშინიანო,] კამპანიაში რომ ჩაერთე და ენას რომ ვერ აჩერებ, არ შეიძლება, დიდ სახელმწიფოებს შეეხო“, - მიმართა მან პრემიერ-მინისტრს.
მან ასევე თქვა, რომ არ ახსოვს ისეთი „ბინძური“ წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ახლა მიმდინარეობს სომხეთში.
მოსკოვის მუქარა
წინა დღეს, 20 მაისს რუსეთის უშიშროების საბჭოში გაიმართა დისკუსია სომხეთის შესახებ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები „შეუთავსებელია რუსეთთან მოკავშირეობის სულისკვეთების ურთიერთობებთან“.
მან ასეთ „შეუთავსებელ“ საკითხებს შორის ერევნის სწრაფვა დაასახელა ევროპული ინტეგრაციისაკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „ერთდროულად ორ კავშირში ყოფნა შეუძლებელია... ერთდროულად ორ ქორწილში ცეკვა სომხეთს არ გამოუვა“.
სომხეთში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთი ამძლავრებს მუქარის გზავნილებს, რომ ერევანს მძიმე ეკონომიკური შედეგები დაატყდება თავს, თუკი ევროკავშირისკენ სვლას გააგრძელებს.
- მანამდე, 11 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჯარო უარით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივას სომხეთის მიერ რეფერენდუმის გამართვაზე ევროკავშირში გაწევრიანებასა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
- „სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშობა, ჩვენ ასეთ საკითხს არ დავაყენებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამის „ობიექტური საჭიროება“ იქნება.
- „ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის ობიექტური აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს ერევანში გამართულ ბრიფინგზე.
ევროკავშირმა 21 აპრილს დაამტკიცა ორწლიანი მისია სომხეთში, რომელიც „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში დაეხმარება ერევანს.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.
ფორუმი