ფაშინიანმა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერზე, გაგიკ წარუკიანზე საუბრისას განაცხადა:
„ძალიან მალე „აყვავებული სომხეთის“ პარტიის ლიდერის ბიზნეს-ხერხემალი, არარატის ცემენტის ქარხანა, სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავა“.
ფაშინიანმა ასევე ახსენა წარუკიანის სიძის, კოტაიქის ყოფილი გუბერნატორის, კარაპეტ გულოიანის გვარი და თქვა:
„გულოიან-წარუკიანის კლანის მაქინაციები გამოაშკარავდა და სომხეთის მთავრობამ უკვე მიიღო წერილი სომხეთის პროკურატურისგან, რომ ეს ქონება ნაციონალიზაციას ექვემდებარება“, - თქვა მან.
„უახლოეს მომავალში, ძალიან სწრაფად, როგორც „სომხეთის ელექტროსისტემაში“ (ENA) დავნიშნეთ მენეჯერი, ასევე დავნიშნავთ მენეჯერს „არარატ ცემენტში“, - განაცხადა მან.
„სომხეთის ელექტროსისტემის“ მფლობელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რუსი-სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის „ტაშირ ჯგუფია“. სომხეთის ადმინისტრაციულ სასამართლოს მთავრობისთვის დროებით აკრძალული აქვს ENA-ს ნაციონალიზაცია 2026 წლის 25 მაისამდე.
ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ამ მომენტიდან ცემენტის ქარხნის თანამშრომლებს „არ სჭირდებათ წარუკიანისა და გულოიანის ინსტრუქციების შესრულება [ხმის მიცემასთან დაკავშირებით], რადგან მათი დამსაქმებელი ასევე სომხეთის რესპუბლიკაა“.
ჯერჯერობით გაგიკ წარუკიანს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებისთვის პასუხი არ გაუცია.
მას აქამდე არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ საარჩევნო კამპანია „შიშისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ქვეშ მიმდინარეობს“.
18 მაისს, როდესაც ფაშინიანი გაგიკ წარუკიანს, სამველ კარაპეტიანსა და სხვა ოპოზიციონერებს „განადგურებით“ დაემუქრა მოქალაქესთან დაპირისპირებისას, წარუკიანმა საჯაროდ უპასუხა:
„[ფაშინიანი] შეურაცხყოფაზე გადავიდა, რადგან არაფერი აქვს სათქმელი“.
წარუკიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთისათვის „უმთავრეს საფრთხეს“ წარმოადგენენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი“.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დანიშნული.
ფორუმი