Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო: კუბა საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 21 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ფლორიდაში, ჰოუმსტედის ავიაბაზაზე, საიდანაც შვედეთში გაემგზავრა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 21 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ფლორიდაში, ჰოუმსტედის ავიაბაზაზე, საიდანაც შვედეთში გაემგზავრა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროსთვის ბრალის წაყენებიდან მეორე დღეს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კუბა ყოველთვის საფრთხე იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მარკო რუბიო წარმოშობით კუბელია. ის ფლორიდაში დაიბადა კუბელი ემიგრანტების ოჯახში.

რუბიომ 21 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კუბასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან აქვთ საქმე, ამ გზით შეთანხმების შესაძლებლობა დიდი არ არის. სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს უფლება და ვალდებულიცაა, ქვეყანა ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კუბა შეერთებული შტატებისთვის საფრთხე არასდროს ყოფილა. როდრიგესმა რუბიო გააკრიტიკა „სამხედრო აგრესიის პროვოცირებისთვის“ და აშშ-ის მთავრობა დაადანაშაულა კუბაზე სისტემატურ შეტევებში.

რაულ კასტროს საქმე

20 მაისს შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, 94 წლის რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს. საქმე ეხება 1996 წელს კუბის საჰაერო ძალების მიერ ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Brothers to the Rescue-ს ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე. კუბელი ემიგრანტების მიერ შექმნილი ორგანიზაცია ავიაციას იყენებდა კუბიდან ზღვით გაქცეული თანამემამულეების მოსაძებნად.

1996 წელს რაულ კასტრო კუბის შეიარაღებული ძალების მინისტრი იყო. მისთვის აშშ-ის მიერ წაყენებულ ბრალს კუბის ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

კუბის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ ბევრს გაახსენა აშშ-ის მიერ ვენესუელის მმართველ ნიკოლას მადუროსთვის ბრალის წაყენება და „ნარკოტერორისტული შეთქმულებისა" და სხვა ბრალდებებით მისი დაპატიმრება ვენესუელის ტერიტორიაზე 2026 წლის იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.

21 მაისს ჟურნალისტებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მთავრობა რაულ კასტროს აშშ-ში ჩაყვანას და როგორ. რუბიომ უპასუხა, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს.

ადის ლასტრეს მორერას დაკავება

21 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დაკავებულია კუბის კონგლომერატის, GAESA-ს ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ლუის ალბერტო როდრიგეს ლოპეს-კალიეხას და, ადის ლასტრეს მორერა.

სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ინფორმაციით, ფლორიდაში მცხოვრები მორერა უძრავი ქონების მართვასთან ერთად კუბის კომუნისტურ რეჟიმს ეხმარებოდა, სანამ მუდმივი მობინადრის სტატუსი არ ჩამოართვა, ის დაკავებულია და გადაყვანილია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში.

სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში რუბიო GAESA-ს უწოდებს კუბელი სამხედროების მიერ კონტროლირებულ კონგლომერატს, რომელიც მილიონობით დოლარს იპარავს.

GAESA მართავს ათეულობით სასტუმროს, ქსელურ მაღაზიებს, სამშენებლო და სხვა კომპანიებს და საპორტო ინფრასტრუქტურას. კონგლომერატს გარდაცვალებამდე, 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს სიძე, გენერალი ლუის ალბერტო როდრიგეს ლოპეს-კალიეხა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ კუბის კომუნისტური რეჟიმის შეცვლა სურს.

კუბის მოსახლეობა წლებია მწვავე ენერგოკრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების პირობებში ცხოვრობს, რაც არაერთხელ იქცა საპროტესტო გამოსვლების მიზეზად. ხელისუფლებამ აქციებს რეპრესიებით უპასუხა.

ენერგოკრიზისმა პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას, რომელიც კუბას საწვავით ამარაგებდა, ჯერ ბლოკადა დაუწესა, შემდეგ მისი მმართველი ნიკოლას მადურო დააპატიმრა და დამატებითი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობპროდუქტებს მიაწვდიან.

კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გამწვავდა მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან, მას შემდეგ, რაც რევოლუციონერებმა, ფიდელ კასტროს მეთაურობით, დაამხვეს ვაშინგტონისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ბატისტა. კასტრომ მჭიდრო კავშირები დაამყარა საბჭოთა კავშირთან.

შეერთებულმა შტატებმა კუბას თითქმის სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა. ჰავანა სწორედ ვაშინგტონს ადანაშაულებს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შექმნაში.

კუბასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ. მან 2015 წელს კუბა ამოიღო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაში კუბა ამ სიაში დააბრუნა.

2025 წლის იანვარში, უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს აცნობა გადაწყვეტილება, რომ კუბა ისევ აღარ ითვლება ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. პრეზიდენტად მეორე ვადით დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა კუბა კვლავ გამოაცხადა ტერორიზმის მხარდამჭერად.





ფორუმი

XS
SM
MD
LG