Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი დამატებითი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მისცემენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ ახალ ტარიფებს დაუწესებს იმპორტირებულ პროდუქციას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიან. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 იანვარს გამოსცა.

მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და კუბის ხელისუფლების მოკავშირე, ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო დააპატიმრა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბის მთავრობაც სავარაუდოდ, დაეცემა, რადგან მხოლოდ ვენესუელის რეჟიმის წყალობით არსებობდა.

ტრამპის მიერ 29 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, კუბის მთავრობის პოლიტიკა და მოქმედება საფრთხეს ქმნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, კუბის რეჟიმი თანამშრომლობს ტერორისტულ ჯგუფებთან და შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს ძალადობისა და მიგრაციის მეშვეობით. ნათქვამია ისიც, რომ კუბის კომუნისტური რეჟიმი დევნის და აწამებს პოლიტიკურ ოპონენტებს და კუბელ ხალხს წართმეული აქვს უფლებები და სიტყვის თავისუფლება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ უცხოეთის სახელმწიფოებს არ მისცემს კუბის რეჟიმის მხარდაჭერის საშუალებას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგორესურსების მიწოდების გზით. შესაბამისად, პრეზიდენტი ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ტარიფების დაწესებას აშშ-ში იმპორტირებული პროდუქციისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიან. ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის დამატებითი ტარიფების მოცულობა.

კუბა ნავთობს ძირითადად, ვენესუელისგან იღებდა. ექსპორტი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას საზღვაო ბლოკადა დაუწესა.

გამოცემა Financial Times-ი 29 იანვარს წერდა, რომ კუბას ნავთობის 15-20 დღის მარაგი აქვს დარჩენილი. გამოცემის თანახმად, სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუბისთვის საწვავის მიწოდება მექსიკამაც შეაჩერა.

კუბის მოსახლეობა წლებია მწვავე ენერგოკრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების პირობებში ცხოვრობს, რაც არაერთხელ იქცა საპროტესტო გამოსვლების მიზეზად. ხელისუფლებამ აქციებს რეპრესიებით უპასუხა.

კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გამწვავდა მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან, მას შემდეგ, რაც რევოლუციონერებმა, ფიდელ კასტროს მეთაურობით, დაამხვეს ვაშინგტონისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ბატისტა. კასტრომ მჭიდრო კავშირები დაამყარა საბჭოთა კავშირთან.

შეერთებულმა შტატებმა კუბას თითქმის სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა. ჰავანა სწორედ ვაშინგტონს ადანაშაულებს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შექმნაში.

კუბასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ. მან 2015 წელს კუბა ამოიღო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაში კუბა ამ სიაში დააბრუნა.

2025 წლის იანვარში, უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს აცნობა გადაწყვეტილება, რომ კუბა ისევ აღარ ითვლება ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. პრეზიდენტად მეორე ვადით დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა კუბა კვლავ გამოაცხადა ტერორიზმის მხარდამჭერად.




ფორუმი

XS
SM
MD
LG