ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კონსტანტინე ხიდირბეგიშვილმა, თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად სამმართველოს უფროსად დაინიშნა გიორგი წიგნაძე - ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. ცვლილების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, სად გააგრძელებს მუშაობას კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი.
კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეა.
ის საპოლიციო საქმიანობას რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ დაუბრუნდა და 2025 წლის დეკემბრის შემდეგ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
პარლამენტის სიახლოვეს ხიდირბეგიშვილი პროევროპულ აქციებზე ჩნდებოდა მაშინ, როცა გზის გადაკეტვის მცდელობისას დაკავებები იწყებოდა, ის ამ პროცესში ერთვებოდა.
ამასთან, პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მიხედვით ირკვეოდა, რომ ხიდირბეგიშვილი და მისი მეუღლე, ქეთევან ობოლაშვილი, მრავალმილიონიანი ქონების მფლობელები იყვნენ:
- 2025 წელს ქეთევან ობოლაშვილმა შეიძინა 614 000 დოლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა თბილისის ცენტრში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 380 000 დოლარის ღირებულების სატყეო ტერიტორია, 694 620 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი წყნეთში.
- ქეთევან ობოლაშვილი და კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი ანტონ ობოლაშვილის ფარმაცევტულ კომპანია „გლობალფარმში“ მუშაობდნენ - შვილი დირექტორის თანაშემწედ, სიძე კი იურისტად. ჯამში, ამ კომპანიიდან მათ ხელფასის სახით 217 ათასი ლარი მიიღეს.
- 2024 წელს კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი 580 000 დოლარის ღირებულების ორი უძრავი ქონების მფლობელიც გახდა. დეკლარაციის მიხედვით, ის მას დამ აჩუქა.
ამის გარდა, 2025 წელს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, ცოლ-ქმრის, ძირითადად კი ქეთევან ობოლაშვილის, საბანკო ანგარიშებზე იყო 300 000 ლარზე მეტი, 340 000 დოლარზე მეტი და 70 000 ევროზე მეტი.
ხიდირბეგიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამჟამად აღარ იძებნება. რადიო თავისუფლება შესაბამისი შეკითხვით აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა.
განახლება: უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ "კ. ხიდირბეგიშვილი დაინიშნა ისეთ თანამდებობაზე, რომელთა დეკლარაციებიც საჯარო წვდომისთვის შეზღუდულია".
ამ პასუხის მიხედვით, სავარაუდოა რომ ხიდირბეგიშვილი დანიშნულიყო სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურში.
ვარაუდს აჩენს სუსის უფროსად მამუკა მდინარაძის მუშაობის პერიოდში არსებული პრაქტიკა, როდესაც მდინარაძის და მისი ოთხი მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნებოდა.
ონლაინგამოცემა "პუბლიკის" მიერ აპრილში გავრცელებული ამ ინფორმაციის პასუხად, სუსში განაცხადეს, რომ "საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში".
რა არის ცნობილი გიორგი წიგნაძეზე
ახალდანიშნული გიორგი წიგნაძის ერთადერთი, 2025 წელს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს იგი დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი იყო და ხელფასის სახით 37 768 ლარი მიიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება წიგნაძის მეუღლის, ანა გიორგაძის სახელზე რეგისტრირებული 91 კვადრატული მეტრის ბინაა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე.
ფორუმი