კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი, რომელსაც 2025 წლის დეკემბრის შემდეგ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია, პარლამენტის სიახლოვეს მაშინ ჩნდება, როცა იქ პროევროპული აქციები იმართება - როცა დემონსტრანტებს გზის გადაკეტვა უნდოდათ ან ტროტუარზე დგანან, პოლიცია კი ამის უფლებას არ აძლევს. სწორედ ამ დროს აკავებენ დემონსტრანტებს, ის კი ამ პროცესში მონაწილეობს.
პოლიციის მაღალჩინოსანი სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეა. შეუღლების შემდეგ იწყება მისი გამდიდრებაც. ხიდირბეგიშვილი ამბობს, რომ ქონება ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავლითა და ცოლის ოჯახის დახმარებით შეიძინეს.
2021 წლის 29 აგვისტოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კონსტანტინე ხიდირბეგიშვილის ეკუთვნოდა მხოლოდ 19 500 დოლარის ღირებულების ავტომობილი TOYOTA CAMRY. მის ცოლი ქეთევან ობოლაშვილი 50 000-ევროიანი MERCEDES-BENZ GLC COUPE 20-თან ერთად ფლობდა სამ მიწის ნაკვეთს. მამის მშობლიურ სოფელ უდეში მიწის თანამესაკუთრეები მისი მშობლები, ანტონ და ლია ობოლაშვილები იყვნენ. ქეთევან ობოლაშვილს საბანკო ანგარიშზე ამ დროს 210 ათას დოლარზე მეტი ჰქონდა.
წლების შემდეგ, 2025 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, მისი დეკლარაციაც ქონებით შეივსო. ახალ დოკუმენტში ჩანს მრავალმილიონიანი ქონება და ასობით ათასი ლარი საბანკო ანგარიშებზე.
- 2025 წელს ქეთევან ობოლაშვილმა შეიძინა 614 000 დოლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა თბილისის ცენტრში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 380 000 დოლარის ღირებულების სატყეო ტერიტორია, 694 620 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი წყნეთში.
- მილიონერი დეპუტატის შვილი და სიძე ანტონ ობოლაშვილის ფარმაცევტულ კომპანია „გლობალფარმში“ მუშაობდნენ. შვილი დირექტორის თანაშემწედ, სიძე კი იურისტად. ჯამში ამ კომპანიიდან მათ ხელფასის სახით 217 ათასი ლარი მიიღეს.
- 2024 წელს კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი 580 000 დოლარის ღირებულების ორი უძრავი ქონების მფლობელიც გახდა. დეკლარაციის მიხედვით, ის მას დამ აჩუქა.
პოლიციელს ვკითხეთ, რა ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა მის დას იმისთვის, რომ ძვირადღირებული ქონება ეჩუქებინა.
„მემკვიდრეობით არის ეს ქონება. ბაბუაჩემის ქონება იყო ჩემს დაზე გაფორმებული და მე გადმომიფორმა. მე გადმომიფორმა სრულად. ჩემი სახელი და გვარი ერქვა, შეგიძლიათ ნახოთ“, - ამბობს ის.
პოლიციიდან წასვლის შემდეგ მან ბიზნესსაქმიანობაც დაიწყო. ახლა შპს „ჰიდროკომპანიში“ წილს ყიდის, შპს „კვადრატში“ წილის მართვის უფლებას გადასცემს ბიზნესპარტნიორს, რომელიც მისი ცოლია.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ცოლ-ქმრის, ძირითადად კი დეპუტატ ობოლაშვილის შვილის, საბანკო ანგარიშებზეა: 300 000 ლარზე მეტი, 340 000 დოლარზე მეტი და 70 000 ევროზე მეტი.
მილიონერ პოლიციელს ვკითხეთ, წლების შემდეგ რატომ გადაწყვიტა სისტემაში დაბრუნება.
„ბავშვობიდან მქონდა პოლიციაში მუშაობის მოტივაცია, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავი... აქციებზე ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, - ამბობს ის.
ფორუმი