ონლაინგამოცემა "პუბლიკა" წერს, რომ პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანების საფუძველზე, აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმეს. როგორც გამოცემის რედაქტორი და თანადამფუძნებელი ლიკა ზაკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეტყობინება ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს.
გაუქმების მიზეზად დასახელებულია მორიგი სესიის პერიოდში (19.02.2026-15.05.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა პარლამენტში.
გამოცემის ცნობით, პარლამენტში მათი 4 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული. რეპორტიორების ეს რაოდენობა ონლაინმედიას პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის ბრძანებით განესაზღვრა.
როგორც „პუბლიკას“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლის მითითებით ჟურნალისტებს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდათ პარლამენტში. წესი 2023 წლიდან მოქმედებს.
ლიკა ზაკაშვილის თქმით, განიხილავენ, გაასაჩივრონ თუ არა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
აკრედიტაცია გაუუქმეს „მონიტორის“ ჟურნალისტებსაც.
ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად დასახელდა მორიგი სესიის პერიოდში (05.02.2026-17.04.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „სტუდია მონიტორის“ აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა.
„პარლამენტის აკრედიტაციის რაოდენობრივი შეზღუდვის გამო „მონიტორს“ აკრედიტებული მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი ჰყავდა, ვინაიდან რაოდენობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“. რაც შეეხება „მონიტორის“ არააკრედიტებულ ჟურნალისტს, საქართველოს პარლამენტში ერთჯერადი საშვის მისი მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.
„მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“, - ნათქვამია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუდია პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი 14 მაისს მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" ცნობას, რომ მათ ევროპარლამენტში ერთი წლით შეუჩერეს აკრედიტაცია და თქვა, რომ იფიქრებს, "ჩვენთან იგივე წესები გავრცელდეს თუ არა".
პარლამენტი და ჟურნალისტთა მუშაობის წესები
პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის მუშაობის გარკვეული პერიოდით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მანამდეც მიუღიათ, თუმცა ამ დრომდე ვადამდე აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევა არ ყოფილა.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი 2023 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, ამისთვის მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.
ამ წესებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინმედიისთვის ეს არის არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა.
პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებულია:
- ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
- წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
- არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
- დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
- სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.
უსაფრთხოების დონეები
საქართველოს პარლამენტის შენობაში, შალვა პაპუაშვილის 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, უსაფრთხოების დონეებიც შემოიღეს. "მწვანე", „ყვითელი" თუ „წითელი" .
„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
ოპოზიციური პარტიების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ამომრჩევლების ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს, 2024 წლის 25 ნოემბერს, პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებდა.
ის „წითელი დონით” შეცვალეს 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო „ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით აქციები დღემდე გრძელდება.
„ყვითელი" დონე მოქმედებდა მათ შორის 2024 წლის დეკემბერში კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის პროცედურის და 2025 წლის თებერვალში მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის გამო.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს (გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა.
ფორუმი