Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია კობახიძეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა

პიტერ ანდრეოლი და ჩარლზ იოკი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
პიტერ ანდრეოლი და ჩარლზ იოკი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

თბილისში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25 მაისს შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ:

  • პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
  • ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი;
  • დელეგაციას თან ახლდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

შეხვედრა 3 პარტიასთან

თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა შეხვედრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან:

  • „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიასთან;
  • „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესთან;
  • პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძესთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სხვა პარტიებსაც შეხვდებიან.

„ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას თქმით, „ეს არის დროის ძალიან მოკლე ვადაში მესამე ვიზიტი“ და „მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ტრამპი არსად წასულა და სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა“.

შეხვედრა გახარიას პარტიასთან

მოგვიანებით დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“.

დელეგაციას შეხვდნენ პარტიის წევრები: დეპუტატი გიორგი შარაშიძე და პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

„შეხვედრაზე განიხილეს გახარია საქართველოსთვის“ გუნდის საქმიანობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე, პარტიის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რეაგირების შესახებ, რაზეც სამწუხაროდ, "ოცნებას" აქამდე ხმა არ ამოუღია“, - წერს პარტია.

შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე თბილისის მხარეს წარმოადგენდნენ:

  • მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე,
  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და
  • მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე“, - წერს ადმინისტრაციის პრესცენტრი.

„მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის“, - წერია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

ამავე ცნობის თანახმად, „მისასალმებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც“.

„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას“, - ნათქვამია ცნობაში.

„რა არის საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“

რადიო თავისუფლებას აშშ-ის საელჩოში განუცხადეს:

  • „სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-29 მაისს თბილისს ეწვევიან, რათა შეხვდნენ საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს.
  • შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად“.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად თქვა, რომ არ იცის, უფრო მაღალი რანგის ჩართულობა რატომ არ არის შეერთებული შტატებისგან:

„ნუ, არ ვიცით. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ველოდით ამერიკულ პოზიციას, მოხარული ვართ, რომ არის ბოლო დროს დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, - თქვა მან.

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს რეგიონში.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის თბილისში ვიზიტის პარალელურად, 26 მაისს ერევანს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

  • მარკო რუბიოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 25 მაისს.
  • სამინისტროს პრესსპიკერის, ანი ბადალიანის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და მარკო რუბიოს შორის, რის შემდეგაც ლიდერები პრესასთან კომენტარებს გააკეთებენ.
  • ანი ბადალიანის ცნობით, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG