26 მაისს, ნაშუაღამევს აფგან სადიგოვმა, რომელიც ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს:
„ქვეყნის დატოვება აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაწესებული“, - დაწერა მან.
თუმცა, მისი თქმით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმისწარმოება არ მიმდინარეობს.
26 მაისის დილას მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ, დაწერა:
- „რა საფუძვლით დაუწესეს გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვს მოგზაურობაზე აკრძალვა?
- რა მოხდა? განა არ გვეუბნებოდნენ, რომ აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში საფრთხე არ ემუქრებოდა? თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ არ შეუძლია მას ქვეყნის დატოვება?“
სადიგოვის გაძევება
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, აზერბაიჯანი კი მის გადაცემას მოითხოვდა.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
აფგან სადიგოვი 2026 წლის 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება
- აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ;
- დააკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ამით ჟურნალისტი ქართულ პოლიციას შეურაცხყოფდა;
- სამი წლის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში შემოსვლა.
გაძევების მეორე დღეს, 6 აპრილს, საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
2026 წლის 1 მაისს აფგან სადიგოვმა სამშობლოში საერთაშორისო პასპორტი აიღო.
„ახლა ჩვენ წინაშე შემდეგი მიზანია, ამას სინანულით ვამბობ, ქვეყნის დატოვება. რატომ ვამბობ ამას სინანულით?! იმიტომ, რომ სამშობლოს დატოვება ადამიანს ყველაფრის დაკარგვის შეგრძნებას უქმნის. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, - წერდა სევინჯ სადიგოვა ფეისბუკში.
ფორუმი