მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლების შემდეგ პეტრიაშვილის ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი ჩამოიყვანეს, რომელზე დემონსტრაციისთვის საჭირო ატრიბუტებია: დინამიკები და გენერატორი.
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. პოლიტიკოსები აპირებენ, იქედან ხალხს მიმართონ.
მსვლელობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი პარლამენტთან პოლიცია გამოჩნდა - პოლიციელების ნაწილი პარლამენტის ჭიშკრის მიღმა იყო, ნაწილი კი, რომელსაც სახეები ჰქონდათ დაფარული რკინის ჭიშკრებს ამაგრებდნენ.
ოპოზიციამ რუსთაველზე აქციისთვის საჭირო ატრიბუტების მიტანა 15:00 საათისთვისაც სცადა. მაშინ მათ პოლიციამ ხელი შეუშალა.
„მანქანა ჩამოგვართვეს, სადაც იყო გახმოვანება. მოვიდნენ ეს ადამიანები [პოლიციის წარმომადგენლები] და ევაკუატორით წაიყვანეს“, - თქვა ალიანსის ერთ-ერთი წევრი პარტიის, „ახლის“ წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ.
24 მაისს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი.
შსს-ს უარამდე, ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, რაც იწვევს სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნიათ.
ფორუმი