Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი, 2024 წლის 8 ოქტომბერი (ფოტო არქივიდან)
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი, 2024 წლის 8 ოქტომბერი (ფოტო არქივიდან)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღე მიულოცა - ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ, ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენი დაბადების დღისადმი“, - ნათქვამია პუტინის მიერ ფაშინიანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც კრემლის საიტზე 1 ივნისს გამოქვეყნდა.

„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები ტრადიციულად მეგობრული იყო და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მათი შემდგომი პროგრესული განვითარებით“, - სწერს პუტინი ფაშინიანს.

„მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება“, - წერია მილოცვის ტექსტში.

2026 წლის 1 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი 51 წლის გახდა.

კონტექსტი: არჩევნები და დაძაბულობა

სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებია, სადაც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.

  • მმართველი პარტია - ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ - კვლავ ლიდერობს გამოკითხვების უმეტესობაში, თუმცა მისი მხარდაჭერა 2021 წლის არჩევნებთან შედარებით შემცირებულია.
  • არჩევნები მიმდინარეობს მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციისა და გარე ზეწოლის ფონზე. ფაშინიანის ძირითადი კონკურენტები მეტწილად პრორუსული ორიენტაციის ძალები არიან.

ამ დროს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უპრეცედენტოდ დაძაბულია:

  • მოსკოვი ღიად აკრიტიკებს ერევნის დასავლეთისკენ კურსს, რის ფონზეც რუსეთის სხვადასხვა უწყებამ ბოლო პერიოდში შეზღუდვები დაუწესა სომხურ ექსპორტს (ყვავილები, ალკოჰოლური სასმელები, „ჯერმუკის“ მინერალური წყალი);
  • დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის საკითხმა - მოსკოვში ფაშინიანთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა მას [დასახელების გარეშე] მხარდაჭერა გამოუცხადა, რაზე პასუხადაც ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ან დეპუტატი ვერ გახდება.
  • ამასთან, არჩევნებამდე კვირა-ნახევრით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფაშინიანის მიმართ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG