მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ესაუბრა და რომ ისრაელის ჯარისკაცები ბეირუთში არ წავლენ, ყველა ჯარისკაცი კი, "რომლებიც გზაში არიან, უკვე უკან გაბრუნებულია", ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ბეირუთს დაარტყამს, თუ ჰეზბოლა ისრაელზე თავდასხმას არ შეწყვეტს. ჰეზბოლას სამხედრო ფრთა ტერორისტულადაა გამოცხადებული აშშ-სა ევროკავშირის მიერ.
„დღეს საღამოს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ვუთხარი, რომ თუ ჰეზბოლა არ შეწყვეტს ჩვენს ქალაქებსა და ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმას, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ, მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად. „ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში გეგმის მიხედვით გააგრძელებენ მოქმედებას“, - დასძინა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით მას “ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა ჰეზბოლასთან". …”ისინი შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი სროლა შეწყდებოდა - რომ ისრაელი მათ თავს არ დაესხმებოდა და არც ისინი არ დაესხმებოდნენ თავს ისრაელს”, - დაწერა დონალდ ტრამპმა truth social-ზე. ამას მოჰყვა ლიბანში აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ ჰეზბოლამ მიიღო აშშ-ის წინადადება „თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტის“ შესახებ მას შემდეგ, რაც ისრაელი ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინა დღეს სამხრეთ ბეირუთზე დამატებითი დარტყმებით დაიმუქრა.
„ლიბანის ხელისუფლებამ მიიღო დადასტურება, რომ ჰეზბოლამ მიიღო აშშ-ის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმების ორმხრივ შეწყვეტას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის ოფისმა. საელჩოს ცნობით, დადასტურება მოჰყვა აუნსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
მანამდე ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ცნობა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანი იყო ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა და ეს ცეცხლის შეწყვეტა ახლა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაირღვა, ირანის მოლაპარაკების ჯგუფი წყვეტს მოლაპარაკებებს და ტექსტური შეტყობინებების გაცვლას შუამავლის მეშვეობით“.
ფორუმი