დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ დრონებით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარია.
მოგვიანებით, კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია და იქ სპეციალური სამსახურები მუშაობენ.
განახლება: 2 ივნისს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
- ოფიციალური მონაცემებით, ილსკის ქარხანას წელიწადში 6,6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არაერთხელ იქცა უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნედ. ერთ-ერთი ბოლო შეტევა 2026 წლის თებერვალში იყო.
ASTRA-ს დათვლით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ილსკის ქარხანას სულ მცირე თექვსმეტჯერ დაარტყეს. 2025 წელს გამოცემა Forbes-მა ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიტანა რუსეთის ათი ყველაზე წამგებიანი საწარმოს სიაში.
- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტების ტერმინალებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
მაისის შედეგები
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაისში დარტყმა იყო 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის რვა რუსეთის ათი უმსხვილესი ქარხნის ჩამონათვალშია. ზოგიერთ მათგანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს. Bloomberg-ის დათვლით, ნავთობის გადამუშავება დღე-ღამეში 4,58 მილიონი ბარელამდე დაეცემა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის მაისთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წლის შემოდგომის შემდეგ.
რუსეთის მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაისში დაარტყეს, იყო კომპანია „ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანაც. 29 მაისს, შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. 1 ივნისს სააგენტო Reuters-მა ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვოლგორადის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.
ფორუმი