აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმართება აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე დაყრდნობით, - წერს აშშ-ის საელჩო.
„ეკონომიკური დიალოგი“
„ღონისძიების მიზანია რეგიონული კავშირის, ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანზიტის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინვესტიციების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება“, - აცხადებს შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში.
„აშშ-ისა და აზერბაიჯანის ბიზნეს საზოგადოებები ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიალოგის სპეციალურ სესიაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტსა და კომერციულ შეთანხმებებს“, - წერია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, „ბაქოს ენერგეტიკული კვირეული“ უფრო ფართო შეხვედრების სერიაა. ბაქოს განცხადებით, უკვე გაფორმდა 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.
შეხვედრა ილჰამ ალიევთან
წინა საღამოს, 1 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის საკითხებში, ქეილებ ორი.
„აღნიშნა რა, რომ ბოლო დროს ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზე, ასევე ამ ქარტიის საფუძველზე სხვადასხვა სფეროში სამუშაო ჯგუფების შექმნაზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით“, - აცხადებს ალიევის ადმინისტრაცია.
საუბრისას „მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი-აშშ-ის ურთიერთობები ორივე სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევის შედეგად განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა".
სონატა კოლტერი ბაქოში
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამადოვმა მიიღო სონატა კოლტერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე.
კოლტერი ამავე დროს არის „აზერბაიჯანი-აშშ-ის სტრატეგიული სამუშაო ჯგუფის“ თანათავმჯდომარე. იგი გუნდთან ერთად ეწვია აზერბაიჯანს.
„ჩვენ განვიხილეთ წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მიზნების მიღწევაში მიღწეული პროგრესი და განვიხილეთ წლის დარჩენილი პერიოდის გეგმები“, - განაცხადა ელნურ მამადოვმა.
- მცირე ხნით ადრე სონატა კოლტერი იმყოფებოდა სომხეთში „ტრამპის მარშრუტთან“ (TRIPP) დაკავშირებით. 6 მაისს ის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღეს. კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში, ვასილის მარაგოსს.
- 7 მაისს იგი თბილისში იმყოფებოდა - ის შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ფორუმი