Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს ყალბ ისტორიას და სავიზო დოკუმენტებს უქმნიდნენ - პროკურატურამ 9 ადამიანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას.

როგორც დღეს, 2 ივნისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს 366 მოქალაქეს შეუქმნეს ყალბი ისტორია, თითქოს ისინი საქართველოში სხვადასხვა ნიშნით იდევნებოდნენ და მათ დაუმზადეს ყალბი დოკუმენტები.

როგორ აღწერს პროკურატურა გამოვლენილ სქემას - დევნის გამო თავშესაფრის მიღებაში დახმარების დაპირება

"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 - 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს.

გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას".

პროკურატურის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა. ისინი საქართველოს ოთხი მოქალაქის 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა დახმარება არ გაუწევიათ.

აშშ-ის ვიზის მიღებაში დახმარება

პროკურატურის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიების შექმნის გარდა, გამოვლინდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზის მისაღებად ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.

"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.



ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების თანახმად, "წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა", გამოვლინდა "სიყალბე", რის გამოც ყველა მოქალაქეს, რომელთაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა.

"მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო".


კანადის ვიზასაც ჰპირდებოდნენ

პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის ვიზების მისაღებად საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია".

რას ბრალს უყენებს პროკურატურა გამოვლენილი ჯგუფის წევრებს

პროკურატურა ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

  • პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზებას, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს;
  • თაღლითობას, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს;
  • ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, გასაღებას, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს;
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ;
  • საქმეზე გამოძიება გრძელდება.


პროკურატურაში დღეს, 2 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ არ უპასუხა შეკითხვას, მონაწილეობდნენ თუ არა ყალბი დოკუმენტების დამზადებაში სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების თანამშრომლები.

რადიო თავისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვებით მიმართა საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც, ტექსტი შეივსება მიღებული პასუხებით.

ცვლილებები აშშ-ის ვიზების მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა. ახლა ასეთი 50 ქვეყანაა, მათ შორის საქართველო.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი. არ შედის არც უკრაინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სავიზო გასაუბრების დროს საელჩოებში.

ამასთან, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზები არ გაიცემა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG