რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ბრიუსელში წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.
11 ივნისის შეხვედრა კი განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
„შესაფერისი ადამიანი“
ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორ რიკარდ იოზვიაკს უთხრა, რომ იმედი აქვთ, თბილისი გამოუშვებს „ვინმე შესაბამის ადამიანს“, - ისეთს, ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი, რათა დიალოგი შედგეს და არ მოხდეს იგივე, რაც 2025 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის“ მცდელობისას მოხდა.
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა;
- მიზეზი ქართულ დელეგაციაში რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებული პირის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ყოფნა გახდა - რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს;
- საქართველოს საგარეო უწყებამ მაშინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩაიშალა, რადგან „ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები“.
ვის გზავნის თბილისი
დღის ბოლოს, 5 ივნისს რადიო თავისუფლებას საგარეო უწყების პრესცენტრიდან მისწერეს, რომ „ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს“.
- „ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება“;
- შეხვედრაში „მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“.
- ამ პოზიციას გიორგი ტაბატაძე იკავებს.
ფორუმი